კობახიძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

„ქართული ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე და შს მინისტრი გელა გელაძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს ძალოვანი სტრუქტურების ახალი ხელმძღვანელობის „ნამდვილი ძალის“ შესახებ აფრთხილებს. ამ საკითხზე კომენტარი კობახიძემ დღეს მედიასთან გააკეთა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„4 ოქტომბერი მთლიანად - არჩევნების ჩათვლით, აქციის ჩათვლით, ყველაფრის ჩათვლით - ჩაივლის ძალიან მშვიდად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარია, რომ არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე.

თუ ვინმეს მაინც წაუცდება ხელი, ნახავენ, მათ შორის, ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას. არავის არ ვურჩევ ამას. რეალურად, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ეს არის ჩემი მოკრძალებული რჩევა, რომ ხელი არ წაუცდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გადამდგარმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის ემიგრაციაში მყოფმა ვეტერანებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც მოქმედ ძალოვნებს მოუწოდებენ, 4 ოქტომბერს „ხალხის მხარეს“ გადავიდნენ. ვეტერანების განცხადებით, დღეს ძალოვანი სტრუქტურებია არალეგიტიმური ხელისუფლების ერთადერთი დასაყრდენი.

„თქვენ იცით, 2012 წლამდე რა მძიმე მდგომარეობა იყო ძალოვან სტრუქტურებში და რამდენი ადამიანი ჩართეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მაშინდელი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებმა. ასეთ ფონზე არავის უკვირს, რამდენიმე ადამიანის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, თუ ვინმეს წაუცდება ხელი, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს. შესაბამისად, არავის ვურჩევ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კობახიძემ.

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ბოიკოტს უცხადებს. ამ დღესვე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისა და აქციის გამართვის ინიციატივით თავდაპირველად მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“ გამოვიდა. „ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს“, - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ რეჟიმს მშვიდობიანად დაამხობენ“. მშვიდობიანი რევოლუციის შესახებ განცხადებების გამო დააპატიმრეს ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.