კოალიცია „ძლიერ საქართველოს“, რომელიც პარტიებს „ლელოს“, „მოქალაქეებს“, „ხალხისთვის“ და ასევე, პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“ აერთიანებს, „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი ლიდერი დავით გამყრელიძე შეუერთდა. ის კოალიციის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს და როგორც თავად განაცხადა, მისი მთავარი მიზანი „ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულება“ იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
დღეს გამართულ ბრიფინზე დავით გამყრელიძე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მისი თქმით, გამყრელიძის კოალიციასთან შეერთების გადაწყვეტილებას დიდი ხნის მოლაპარაკებები უსწრებდა წინ.
„მე მართლაც აღფრთოვანებული ვარ, თუ რამხელა ინტელექტი, გამოცდილება, წარმატებული ისტორიებია აქ თავმოყრილი. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩემთვის ცოტა რთული გადაწყვეტილება მივიღე, გამოვედი კომფორტის ზონიდან და ჩავერთე ამ სერიოზულ ბრძოლაში - პირდაპირ რომ ვთქვათ, ომში, რომელიც წინ გველოდება, რათა ქვეყანაში რეალური ცვლილება მოხდეს.
ჩემი ამოცანა, ამ ადამიანებთან ერთად, იქნება, რომ კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ყველაზე კარგი შედეგი დადოს ამ არჩევნებზე, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მთავარი მიზანი პირადად ჩემთვის, ამ გუნდისთვის და ალბათ, მთელი საზოგადოებისთვის უნდა იყოს და იქნება ის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ რეჟიმის ცვლილება, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დავით გამყრელიძის თქმით, მისი ერთ-ერთი ფუნქცია სხვა ოპოზიციურ ძალებთან მაქსიმალური კოორდინაცია იქნება, რათა 26 ოქტომბერს „სახლში გაუშვან რუსული ხელისუფლება“ და საქართველო ევროპულ გზაზე დააბრუნონ.
„ეს არ ნიშნავს პოლიტიკაში ჩემი რაიმე ფორმით დაბრუნებას, მე არც დეპუტატობას ვაპირებ, არც პარტიული ცხოვრების გაგრძელებას, მხოლოდ ამ საომარი მოქმედებების დროს ვიქნები ხელმძღვანელი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის სპიკერი „ლელოს“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი იქნება.
