უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევზე ღამით განხორციელებული იერიშის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. დარნიცკის რაიონში დანგრეულია ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
- 6 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
როგორც ზელენსკიმ თქვა, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ კიდევ იმყოფებოდნენ ადამიანები. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ათობით მოქალაქე.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა კიევზე განხორციელებული მასიური თავდასხმა „ნათელი პასუხია მსოფლიოში ყველასთვის, ვინც კვირების და თვეების განმავლობაში გამოდიოდა ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური დიპლომატიისკენ მოწოდებებით“.
„რუსეთი ბალისტიკას ირჩევს და არა მოლაპარაკების მაგიდას. ის ომის დასრულების ნაცვლად მკვლელობების გაგრძელებას ირჩევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს შედეგების ჯერ კიდევ არ ეშინია.
რუსეთი კვლავ სარგებლობს იმით, რომ მსოფლიოს ნაწილი თვალს ხუჭავს მოკლულ ბავშვებზე და პუტინის გამართლებას ცდილობს“, - აცხადებს ზელენსკი და მოუწოდებს ჩინეთისა და უნგრეთს, რომელთა მთავრობები რუსეთთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებენ, კიევზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურონ.
„ჩვენ ველოდებით ჩინეთის რეაქციას მიმდინარე მოვლენებზე. ჩინეთმა არაერთხელ მოუწოდა ომის გაფართოების წინააღმდეგ და ცეცხლის შეწყვეტისკენ. რუსეთის ბრალით ეს ასე არ არის. ჩვენ ველოდებით უნგრეთის რეაქციას. ბავშვების სიკვდილმა აბსოლუტურად უფრო დიდი ემოციები უნდა გამოიწვიოს, ვიდრე ყველაფერმა დანარჩენმა. ჩვენ ველოდებით მსოფლიოში ყველას რეაქციას, ვინც მშვიდობისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ახლა უფრო ხშირად დუმს, ვიდრე პრინციპულ პოზიციას იკავებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების დროა.
„ყველა ვადა უკვე დაირღვა, დიპლომატიის ათობით შესაძლებლობა გაფუჭდა. რუსეთმა უნდა იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა ყოველ დარტყმაზე, ამ ომის ყოველ დღეზე. მარადიული ხსოვნა რუსეთის ყველა მსხვერპლს!“, - წერს ზელენსკი Telegram-ზე.
რუსულ მხარეს კიევზე დარტყმის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ევროკავშირის მისიის შენობაც.
