უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ცნობილია, რომ დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვია. დარნიცკის რაიონში სამაშველო-საძიებო ოპერაცია გრძელდება და არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზაროდს. 29 აგვისტო უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 28 აგვისტოს ღამეს, დედაქალაქს „შაჰიდის“ ტიპის დრონებითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტიეს. რუსული რაკეტა მოხვდა დარნიცკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას.
უკრაინის ხელისუფლების ბოლო ინფორმაციით, მასშტაბური დარტყმის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, 38 კი ადამიანი დაშავდა. ოთხი დაღუპული ბავშვიდან ერთ-ერთი 2 წლის ასაკისაა.
კიევში დაზიანდა ევროკავშირის დიპლომატიური მისიის შენობაც. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შენობიდან 50 მეტრში, 20 წამის განმავლობაში, ორი რაკეტა აფეთქდა. მან დარტყმას ევროკავშირის „დელეგაციაზე თავდასხმა“ უწოდა და დაადასტურა, რომ დიპლომატიური მისიის არცერთი წევრი არ დაშავებულა.
„ეს კიდევ ერთი საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა დევს სასწორზე. ეს აჩვენებს, რომ კრემლი არაფრის წინაშე არ გაჩერდება უკრაინის წინააღმდეგ ტერორში, ბრმად კლავს მშვიდობიან მოსახლეობას: კაცებს, ქალებსა და ბავშვებს და მიზანში იღებს ევროკავშირსაც კი“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმაც. ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უმკაცრესად გმობს ამ უაზრო და სასტიკ თავდასხმებს.
„629 რაკეტა და დრონი ერთ ღამეში უკრაინის თავზე: ასე გამოიყურება მშვიდობა რუსეთის წარმოსახვაში.
ტერორი და ბარბაროსობა. ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. განზრახ დაბომბეს საცხოვრებელი ადგილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაზიანდა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისები“, - დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში.
„პუტინი ბავშვებსა და მშვიდობიან მოსახლეობას კლავს და მშვიდობის იმედებს ძირს უთხრის. ეს სისხლისღვრა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. მან დაადასტურა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად ბრიტანეთის საბჭოს შენობაც დაზიანდა.
მომხდართან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი დაიბარეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 28 აგვისტოს ღამეს იერიში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და სამხედრო საჰაერო ბაზებზე მიიტანეს.
