ხაშურში, ტაბიძის სკვერში ორი ადამიანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რა დროსაც ინდმეწარმე ნიკოლოზ (ნიკა) კილაბერიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შპს „ბილტმორის“ ორი წარმომადგენელი მოკლა. კილაბერიძე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 6 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
დაკავებულის ადვოკატი, ირინა ფერაძე, მომხდარს კომპანიასა და მის დაცვის ქვეშ მყოფ მეწარმეს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირებს. დავა კილაბერიძის კუთვნილ კარიერს ეხებოდა. ადვოკატის მტკიცებით, „ბილტმორის“ წარმომადგენლები კარიერიდან ქვიშა-ხრეშს უკანონოდ ეზიდებოდნენ. ფერაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ „ბილტმორს“ სხვის საკუთრებაში არსებული კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გატანა და მისი გასხვისება აუკრძალა, კომპანია საქმიანობას მაინც აგრძელებდა.
„ბილტმორი“ ამტკიცებდა, რომ საწარმო ნაქირავები ჰქონდათ და სამუშაოებს კანონიერად ასრულებდნენ. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული საწარმოო დანადგარი (ე.წ. დრაბილკა) „ბილტმორს“ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ლევან გამრეკელმა (რომელიც ამჟამად კორუფციის ბრალდებით არის დაკავებული) და მის უკან მდგომმა კომპანიამ, „გუდ ბილდინგსმა“ მიაქირავეს. ფერაძე აცხადებს, რომ მათ კილაბერიძის ქვიშა-ხრეშის იჯარით გაცემის უფლება არ გააჩნდათ.
ინციდენტის დეტალებზე საუბრისას ადვოკატი აღნიშნავს, რომ „ბილტმორის“ წარმომადგენლებმა ნიკოლოზ კილაბერიძე სალაპარაკოდ დაიბარეს, რაც საბოლოოდ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ირინა ფერაძე პოლიციის უმოქმედობაზეც მიუთითებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველებს რეაგირებას დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდნენ.
დაკავებული ნიკოლოზ კილაბერიძე წარსულში ნასამართლევია. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
