ქართველები პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმებას სავარაუდოდ ვეღარ შეძლებენ

პოლონეთი აპირებს საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების სიიდან, რომელთა მოქალაქეებს პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმების უფლება აქვთ, ასევე, სეზონური სამუშაოს ნებართვის მიღება შეღავათიანი პირობებით შეუძლიათ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შრომის სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ბრძანების პროექტში ნათქვამია, რომ შრომის ბაზარზე წვდომის გამარტივებული პროცედურით მხოლოდ ოთხი ქვეყნის - სომხეთის, მოლდოვის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები ისარგებლებენ.

როგორც პოლონური მედია წერს, ეს შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე თავად ათობით ათასი ქართველისთვის.

2024 წელს პოლონეთში უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადების საფუძველზე, ანუ გამარტივებული წესით, საქართველოს 47 086 მოქალაქე დასაქმდა. რეესტრში სულ 76 671 ასეთი განცხადება დარეგისტრირდა, გამარტივებული წესით კი 6560 დამსაქმებელმა ისარგებლა. იმავე პერიოდში 308 საქართველოს მოქალაქეზე გაიცა სეზონური სამუშაოს 346 ნებართვა.

წელს, 2025 წლის იანვრიდან მაისის ბოლომდე პერიოდში, რეესტრში საქართველოს 22 574 მოქალაქისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ 28 882 განცხადება შევიდა. საქართველოს მოქალაქეები 4069 დამსაქმებელმა დაასაქმა.

შრომის სამინისტრო განმარტავს, რომ ქვეყნების ჩამონათვლიდან საქართველოს ამოღება დაკავშირებულია „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის განვითარებასთან“, „ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობასთან“ და საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით ევროკავშირის დონეზე მიმდინარე დისკუსიებთან.

როგორც wyborcza.biz წერს, კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა დანაშაულის სტატისტიკა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთში უცხოელები დანაშაულის დაახლოებით 5%-ს სჩადიან, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები გამოირჩევიან. 2024 წელს, 8 ათასი დეპორტირებულიდან მესამედი - 2600 ქართველი იყო.

გამარტივებული პროცედურა უცხოელებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ სამუშაო ნებართვის გარეშე, თუ ისინი გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებენ. მათ შორისაა დამსაქმებლის მიერ უცხოელისთვის სამუშაოს შესრულების მინდობის შესახებ განცხადების შრომის დეპარტამენტში წარდგენა და რეესტრში რეგისტრაციის გავლა. ამ სქემით მუშაობის ვადა 24 თვით შემოიფარგლება.

დღეს მოქმედი რეგულაციებით, ხუთი ქვეყნის - სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ პოლონეთში ლეგალურად იმუშაონ სამუშაო ნებართვის გარეშე - დამსაქმებლის მიერ უცხოელისთვის სამუშაოს მიცემის შესახებ განცხადების ელექტრონულად წარდგენის საფუძველზე. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო ნებართვის მიღების უფრო ხანგრძლივ და რთულ პროცედურაზე გადასვლა მოუწევთ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.