„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა

ქართული ოცნებისთავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დარწმუნებული ვართ, უკლებლივ ყველა კანდიდატი მოიგებს არჩევნებს შესაბამის მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა არის ცხადი. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. კვლევებიც ადასტურებს იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური და რეალისტური ამოცანა. ბუნებრივია, ჩვენი საარჩევნო შტაბი, პარტია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული იმისათვის, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძის თქმით, კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტიდან ხუთში კანდიდატებად მოქმედი მერებს წარადგენენ. ესები არიან: ალექსი ფიცხელაური - ახმეტაში, გიორგი მაჭავარიანი - გურჯაანში, ნიკოლოზ ჯანიაშვილი - დედოფლისწყაროში, ჯონდო მდივნიშვილი - ლაგოდეხში და მალხაზ ბეგიაშვილი - სიღნაღში.

„ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, საგარეჯოში - წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა, ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე - ვაჟა მაღრაძე“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ქვემო ქართლის 7-დან 4 მუნიციპალიტეტში კანდიდატები მოქმედი მერები იქნებიან. კერძოდ, რუსთავში - ნინო ლაცაბიძე, გარდაბანში - დავით კარგარეთელი, დმანისში - კობა მურადაშვილი და წალკაში - ილია საბაძე.

მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება დაური ისმაილოვი, რომელსაც, კობახიძის თქმით, საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. თეთრიწყაროს მერობის კანდიდატად წარდგენილია თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ აფციაური, ხოლო ბოლნისში - იურისტი ზამური ჭითანავა.

მცხეთა-მთიანეთში, თიანეთის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი ლევან წიკლაური იქნება, მცხეთაში - არქიტექტორი გოგი აბუაშვილი, დუშეთში - დუშეთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური, ხოლო ყაზბეგში - ინჟინერი კობა გელაძე.

„შიდა ქართლში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 4-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია: გორში - კონსტანტინე ბუზალაძე, ქარელში - ზაზა გულიაშვილი, კასპში - ვახტანგ მაისურაძე. ხაშურში ჩვენი კანდიდატი იქნება პაატა ჩადუნელი, რომელსაც აქვს კერძო სექტორში უმაღლეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა.

სამცხე-ჯავახეთში 6-დან 4 მუნიციპალიტეტში მოქმედი მერები იყრიან კენჭს: ადიგენში - გოჩა ქიმაძე, ასპინძაში - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქში - მელქონ მაკარიანი და ნინოწმინდაში - ანივარდ მოსოიანი.

ახალციხეში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იქნება სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ ერთ-ერთი სახე, ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ხოლო ბორჯომში - მამუკა გელაშვილი, რომელსაც, კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„ქართული ოცნება“ იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარადგენს 12-დან 9 მუნიციპალიტეტში. ესენია: ქუთაისში - დავით ერემეიშვილი, საჩხერეში - ლევან ივანაშვილი, ჭიათურაში - გივი მოდებაძე, ხარაგაულში - კობა ლურსმანაშვილი, თერჯოლაში - მანუჩარ რობაქიძე, ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი, სამტრედიაში - დავით ბახტაძე, ხონში - ლადო ჯურხაძე, წყალტუბოში - გენადი ბალანჩივაძე.

ბაღდათში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, ზესტაფონში - ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, ხოლო ტყიბულში - დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან საკრებულოების მოქმედი თავმჯდომარეები - ჭაბუკი ჭაბუკიანი და გიორგი გაზდელიანი.

რაჭაში, ამბროლაურის მერობის კანდიდატია ზაზა ქევანიშვილი, ხოლო ონში - დავით ლობჟანიძე.

სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედ მერებს წარადგენენ 9-დან 5 მუნიციპალიტეტში: ფოთში - ბექავაჭარაძეს, ხობში - დავით ბუკიას, სენაკში - ვახტანგ გადელიას, აბაშაში - გიგა გაბელაიას და მესტიაში - კაპიტონ ჟორჟოლიანს.

„ზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი დათო კოდუა, ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი - ჯუმბერ იზორია, მარტვილში წარმატებული მეწარმე - გიორგი ნაჭყებია, ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე ნიკა კანკია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილი იქნება.  „ქართული ოცნება“ ოზურგეთში „წარმატებულ ლექტორსა და მენეჯერს“, პაატა კუნჭულიას წარადგენს, ჩოხატაურში კი მერის მოქმედ მოადგილეს, მინდია ჟღერიას.

აჭარაში „ქართულმა ოცნებამ“ მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელი წარადგინა 6-დან 3 მუნიციპალიტეტში:  ქობულეთში - ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურში - ზაზა დიასამიძე, შუახევში - ომარ ტაკიძე.

ქედასა და ხულოში მერობის კანდიდატებად წარდგენილები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატები მამუკა თურმანიძე და ვახტანგ ბერიძე.

ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი გიორგი ცინცაძე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.