ევროპის სოციალისტების პარტია (PES) აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას“, რომელიც მისი დამკვირვებელი წევრია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
PES-ის წევრი პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 28 აპრილს გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ „ღრმად შეშფოთებულნი“ არიან „ქართული ოცნების“ წევრის და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებებითა ქმედებებით, იმით, რომ ის მომავალ კვირაში, ბუდაპეშტში დაგეგმილ კონსერვატიულ კონფერენციაზე დასწრებას აპირებს.
„თუ PES-ის დამკვირვებელი პარტიის პრემიერ-მინისტრს სურს ვიქტორ ორბანის და კონფერენციის ღირებულებების გაზიარება, საჭიროა ოფიციალურად ვიმსჯელოთ ამ პარტიის სტატუსზე“, - თქვა PES-ის აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა, ჯაკომო ფილიბეკმა.
როგორც ირკვევა, „ქართული ოცნების“ სტატუსის გადახედვის საკითხი PES-ის პრეზიდენტმა, შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფენმა ჯერ კიდევ მარტში წამოჭრა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებას დაუჭირა მხარი. ამ თემას ევროპული პარტიის ლიდერები მომდევნო შეხვედრის დროს, ივნისში მიუბრუნდებიან.
PES-მა, რომელიც ევროპაში 32 სოციალისტურ და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას აერთიანებს და 705-წევრიან ევროპარლამენტში 144 წარმომადგენელი ჰყავს, საქართველოს მმართველი პარტია დამკვირვებელი წევრის სტატუსით 2015 წელს მიიღო. 2022 წლის „ქართული ოცნების“ დელეგაცია, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, PES-ის საერთაშორისო კონგრესსაც ესწრებოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს, ბუდაპეშტში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სპიკერად არის მიწვეული. კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი ღონისძიება „კონცენტრირებული იქნება ლიბერალების ღამის კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო დაახლოებაზე“.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის გამო ევროპელმა პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს. ევროპარლამენტარმა ტეის რეიტენმა, რომელიც PES-ის პოლიტიკური ჯგუფის წევრია, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის პროევროპულ უმრავლესობას შეურაცხყოფას აყენებს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ვიქტორ ორბანთან და პუტინის მეგობრებთან ურთიერთობა ურჩევნია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მუშაობას.
