26 მაისს, პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე უჩა ქემაშვილი, პოლიციამ პარტია „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„რუსთაველიდან ვარკეთილამდე გამოჰყვნენ. სავარაუდოდ, მეტროთი წამოვიდოდა ჩემი ძმა, რადგან აქ ჰყავდა მანქანა გაჩერებული. მეტროში აედევნენ და იცოდნენ, სად მოდიოდა. 35 ადამიანი 1 კაცის დასაჭერად გამოუშვეს. ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვუყურებდი და მერე ჩავედი დაბლა. გვიან მივხვდი რა ხდებოდა. მანქანის კარი მიიხურა და გამოუღეს, ხელი მოკიდეს და გადმოიყვანეს, შეიყვანეს ბნელ ადგილას და იქ ჩასვეს სხვა მანქანაში“, - ამბობს დაკავებულის და, ნინი ქემაშვილი.
მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვა და 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. პარტიის დროშის დაწვა კანონდარღვევა არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არ განუმარტავს, რის საფუძველზე დააკავეს უჩა ქემაშვილი და რას ედავებიან. ოჯახის წევრები დაკავებულს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ და მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობდნენ. ადვოკატებმა დაკავებულს დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში დილით მიაგნეს. ადვოკატის განცხადებით, ქემაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის დაუმორჩილებლობის საბაბით შეუდგინეს.
უჩა ქემაშვილი კახეთში ცხოვრობს. ის თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. რეგიონიდან ხშირად ჩამოაქვს ხილი და დემონსტრანტებს ურიგებს.
გუშინვე, ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დააკავეს საპროტესტო აქციების მონაწილე ლუკა ნაცვლიშვილი.
შსს მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე [პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა] და 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] მუხლების დარღვევას ედავება. სინამდვილეში, ნაცვლიშვილის დაკავების ამსახველი ვიდეოდან, რომელიც თვითმხილველმა გადაიღო, ჩანს, როგორ ეკითხება ლუკა პოლიციელებს დაკავების საფუძველს: „რის გამო მაკავებთ?“ - პოლიციელები მას კითხვაზე არ პასუხობენ და ავტომობილში ძალის გამოყენებით ათავსებენ.
