„ქართული ოცნება“ საგზაო ჯარიმების შემსუბუქებას გეგმავს

„ქართული ოცნება“ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების შემსუბუქებას განიხილავს. პარტიაში აღიარებენ, რომ მხოლოდ მკაცრი სანქციები გზებზე უსაფრთხოების ხარისხს ვერ აუმჯობესებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია:

„ცვლილებები საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებს შეეხება. სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირისთვის, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, გარკვეული პროექტი გვექნება. პრაქტიკამ და დაკვირვებამ აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს. უფრო სწორი იქნება, სანქციები დაბალანსდეს იმის მიხედვით, თუ რა დონის გადაცდომასთან გვაქვს საქმე და რამდენად პროპორციულია მოქმედი ჯარიმები“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ინიციატივას ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ გაზრდილ ჯარიმებსა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას შორის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს.

„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სტატისტიკას და იმას, თუ რა გავლენას ახდენს ჯარიმების ზრდა სიტუაციის გაუმჯობესებაზე. გასული თვეების მონაცემებმა აჩვენა, რომ პირდაპირი კავშირი გაზრდილ სანქციებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის, სამწუხაროდ, არ არის. აქედან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები პირდაპირ ტვირთად აწვება მოსახლეობას, აბსოლუტურად შეგვიძლია განვიხილოთ მათი შემცირების ვერსია. ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას წინ უძღოდა რამდენიმე გახმაურებული და მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა. 14 მაისს რუსთავი-გარდაბნის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას 8 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 7 ივნისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორთან ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად 5 ახალგაზრდა დაიღუპა.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები ბოლო წლებში რამდენჯერმე გამკაცრდა. ბოლოს, მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან, ძალაში შევიდა ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი ჯარიმები და მართვის მოწმობისთვის დასაკლებ ქულათა რაოდენობა ისეთ ხშირ დარღვევებზე, როგორიცაა: სიჩქარის გადაჭარბება, საჭესთან ტელეფონის გამოყენება, ღვედის გამოუყენებლობა, ავტობუსის ზოლში მოძრაობა, ე.წ. „დრიფტი“ და ტროტუარზე პარკირება.

ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 5 969 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 469 ადამიანი დაიღუპა (მათ შორის 27 ბავშვი), ხოლო 8 191 დაშავდა.

ტენდენცია მძიმეა მიმდინარე წელსაც - მხოლოდ პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) 664 შემთხვევას 92 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 989 კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია: მოხვევის მანევრის დარღვევა; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა; გასწრების წესების დარღვევა.

შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. ამასთან, საგანგაშოა ქვეითთა დაშავება-გარდაცვალების სტატისტიკაც: 2025 წელს ქვეითზე შეჯახების 1 931 შემთხვევა დაფიქსირდა (164 დაღუპული), ხოლო 2026 წლის პირველ სამ თვეში - 270 შემთხვევა (33 დაღუპული).

პარალელურად, ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულ ნიშნულზეა. 2025 წლის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო დარღვევებიდან, საერთო ჯამში, 277 მილიონი ლარი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით (59 მილიონი ლარით) მეტია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.