„ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია“ - კობახიძე აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე, ისაუბრა „რუსოფობიურ კამპანიაზე“, რომელიც, მისივე თქმით, ქვეყანაში „დიპ სტეიტის“ მიერ ხელოვნურად ღვივდება. კობახიძის მტკიცებით, მიზანი ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორის დაზიანებაა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ 2008 წლის ომის დაწყებასა და ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე პასუხისმგებლობა კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას დააკისრა და მათი ქმედებები გარე დაკვეთით შესრულებულ დანაშაულად შეაფასა. მისი თქმით, ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც ასევე „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა.

„ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა. როგორც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღვნიშნე, გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა.

„დიპ სტეიტის“ გეგმა, საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით, არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი, ნათლად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება“, - განაცხადა კობახიძემ.

მან რუსოფობიის მაგალითებად ბათუმში რუსულ საკრუიზო გემთან გამართული აქციები და რუსული ქორწილების წინააღმდეგ მოწყობილი კამპანიები დაასახელა, რასაც „სამარცხვინო“ უწოდა. კობახიძის თქმით, ასეთი კამპანია ახლაც მიმდინარეობს:

„არიან უცხოელი აგენტები, ისინი დადიან ბანერებით ბათუმის პლაჟზე და ტურისტებს ეხებიან პირდაპირ“.

კობახიძემ ამჯერადაც გაიმეორა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ანტიდასავლური ნარატივი და თქვა: „ადრეც ეგრე იყო, 2022 წელს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც მიიღეს უარი, შემდეგ გადავიდნენ შედარებით უფრო ირიბ მოთხოვნებზე, ეს იყო სანქციების დაწესება, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. როდესაც ამითაც ვერ მიაღწიეს შედეგს, შემდეგ იყო ევროკავშირის საკითხი, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ შანტაჟისთვის. ესეც ვერ გამოიყენეს, ვინაიდან საზოგადოებამ გამოავლინა სიბრძნე ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამას მოაყოლეს შემდეგ მარტო იმ ერთ წელიწადში სამი რუსოფობიური კამპანია. ამ კამპანიებში პირდაპირ იყო ჩართული მთელი აქტივი, უცხოური აგენტურა, ეს იყო მათ შორის პარტიული აქტივი, პოლიტიკოსები პირდაპირ იყვნენ ჩართულები რუსოფობიური კამპანიის გაღვივებაში და ტურისტების წინააღმდეგ იყო პირველ რიგში მიმართული ეს კამპანიები. საფრთხედ წარმოაჩენდნენ რუს ტურისტს, როგორც ასეთს“.

მისივე თქმით, „ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ზოგადად ქსენოფობია“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ აუცილებელია ტურიზმის დაცვა „ხელოვნურად შექმნილი პრობლემებისგან“, რომლებიც შესაძლოა რუსი ტურისტების წინააღმდეგ მიმართულმა „კამპანიებმა“ გამოიწვიოს.

პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, „რუსოფობიური კამპანია“ უკვე ახდენს თუ არა ტურისტების სტატისტიკაზე გავლენას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ამ ეტაპზე არა“.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ყველაფერთან დაკავშირებით და ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს ტურიზმს, რადგან ეს არის ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი. ისედაც გვქონდა სირთულეები ტურიზმის სფეროში, როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. ბუნებრივია, ნაკადები შემცირდა ახლო აღმოსავლეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ისრაელიდან და ახლა სურთ, რომ ხელოვნურად დაალაგონ პრობლემა რუსეთთან მიმართებით, რუს ტურისტებთან მიმართებით, რაც არ გამოუვათ. ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, შეიძლება, მიაღწიონ წარმატებას. დიდი რესურსია ჩართული“, - აღნიშნა კობახიძემ.

აღნიშნულ განცხადებებს წინ უძღოდა უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ დაწყებული გამოძიება საბოტაჟის მუხლით. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება უცხოეთიდან მართული ყალბი ბოტ-ანგარიშების მეშვეობით დეზინფორმაციის გავრცელებას, თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის სახიფათო გარემოა შექმნილი. სუს-ის მტკიცებით, კოორდინირებულად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ ან მათ მიერ შეკვეთილ კერძებს რესტორნებში განგებ აბინძურებდნენ, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში ტურისტებისთვის სახიფათო გარემოს შესახებ ყალბი აღქმის შექმნას და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებისა და ტურისტული სექტორის დაზიანებას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.