ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, სასამართლოებში მობილური ტელეფონების აკრძალვით იქ ჟურნალისტთა სამუშაო პირობები არ დაამძიმოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა, რომელიც სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს, 19 სასამართლოსთვის, მათ შორის თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებისთვის, სხვადასხვა სახის ავეჯი შეისყიდა. ამ შესყიდვის ნაწილია კარადები მობილური ტელეფონების შესანახი ასობით დანომრილი და საკეტიანი სათავსოთი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილებით, სასამართლოს მანდატურს აქვს უფლება, არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩანაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა. ამგვარ საშუალებებში მოიაზრება მობილური ტელეფონიც.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, სასამართლოებში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების გაუარესება საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომას დააკარგვინებს.
„ინფორმაციამ მობილური ტელეფონების შესანახი კარადების შესყიდვის შესახებ ჟურნალისტურ თემში განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია – გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ კარადების დამონტაჟების შემდგომ ჟურნალისტებს სასამართლოში მუშაობა და პროცესების გაშუქება კიდევ უფრო გაუჭირდებათ.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, 28 ივნისიდან სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო და ვიდეო გადაღება და აუდიოჩაწერა აკრძალულია. თუმცა ჟურნალისტებს დღემდე აქვთ საშუალება, სასამართლოს შენობაში შეიტანონ მობილური ტელეფონები და ლეპტოპები და სასამართლო სხდომები ფოტო და ვიდეოგამოსახულების და ხმის გარეშე, ლაივ რეჟიმში, ტექსტური სახით გააშუქონ.
ჟურნალისტები დიდ ძალისხმევას იღებენ იმისთვის, რომ აუდიტორიამ მათ რეპორტაჟებში ფოტო და ვიდეო გამოსახულებისა და ხმის დანაკლისი ნაკლებად იგრძნოს. ამის გაკეთებას ჟურნალისტები სიზუსტის ასე ზედმიწევნით დაცვითა და ისეთი მაღალი ოპერატიულობით ვეღარ შეძლებენ, თუკი მათ სასამართლოს დარბაზებში მხოლოდ კალმისა და ფურცლის გამოყენების უფლებას დაუტოვებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა ბევრი ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია. ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების გაუარესება საზოგადოებას მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომას დააკარგვინებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სასწრაფოდ განმარტოს, გეგმავს თუ არა სასამართლო ჟურნალისტებისთვის სასამართლოს შენობაში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იმედს იტოვებს, რომ ამგვარი ზომების მიღებისგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავს შეიკავებს.
„მსგავსი აკრძალვა არ შედის არც სასამართლოების და, რაც მთავარია, არც საზოგადოების ინტერესებში. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება, დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია მართლმსაჯულების აღსრულების პროცესზე მისთვის სანდო მედიასაშუალების დახმარებით“, – აცხადებს ქარტია.
13 ნოემბერს, 17:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.
