ქალები პროკურატურასთან ევა შაშიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

ქალი პოლიტიკოსები გენპროკურატურასთან დილის 11 საათზე შეიკრიბნენ

თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან ქალები 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ, პროკურატურამ სასამართლოს დროულად მიმართოს შეუამდგომლობით მარტოხელა დედისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

აქციის მონაწილეთა თქმით, ევა შაშიაშვილის გათავისუფლების საფუძველია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფაქტი, რომ ის 24 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალიშვილის ერთადერთი მეურვეა.

„მთავარია ნების განმოვლენა და ნების გამოვლენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენ დღეს შეგვხვდა ჯერ საქმის პროკურორი, შემდეგ დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ჩვენ კიდევ ველოდებით უშუალოდ ან გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილეებთან შეხვედრას იმისთვის, რომ დღესვე იქნას მიღებული გადაწყვეტილება და ევას მიმართ შეიცვალოს აღკვეთის ღონსიძიება“, – განაცხადა კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა, იურისტმა მარიკა არევაძემ.

ადვოკატმა დღეს პროკურატურაში დამატებით წარადგინა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ევა შაშიაშვილის შშმ შვილს სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის ვადა 30 დეკემბერს ამოეწურება.

„სრულიად საკმარისია ყველა მტკიცებულება და ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის არის საქმეში, რომელიც დღეს დაემატა იმისთვის, რომ მოხდეს აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა გირაოთი. ჩვენთვის მთავარია, რომ სასამართლოსთვის მიმართვა და ევას გირაოთი გათავისუფლება მოხდეს 30 დეკემბრამდე, სანამ მის შვილს სტაციონარიდან გამოწერენ“, – აღნიშნა მარიკა არევაძემ.

ქალები გენერალური პროკურატურის მოსაცდელში 18 საათამდე დარჩებიან.

46 წლის ევა შაშიაშვილი თითქმის სამი თვეა პატიმრობაშია. ის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე 6 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა ევა შაშიაშვილს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავება. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.