ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკების ფარგლებში, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა უნდა იყოს რუსეთის ჯარების გაყვანა ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, მათ შორის, საქართველოდან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
„მე ევროკავშირის ქვეყნებს გავუზიარე დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვიხილოთ“, - განაცხადა კაია კალასმა 23 თებერვალს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, თუ დოკუმენტის განხილვის შემდეგ, პირველი საკითხი იქნება, რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, ეს ასევე ეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც მას ოკუპირებული აქვს და საიდანაც ჯარები უნდა გაიყვანოს.
„დავთვალე სულ მცირე 30 საერთაშორისო შეთანხმება, რომელთა მიხედვითაც მათ აიღეს სხვადასხვა ვალდებულება, რომლებიც არ შეუსრულებიათ. ზუსტად არ მახსოვს, როდის იყო ეს, ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც ისინი შეთანხმდნენ ჯარების გაყვანაზე მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. თუმცა იგივე ხდება საქართველოში და სხვა რეგიონებში“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
კაია კალასმა ამ საკითხზე კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდეც გააკეთა. „ევროსკოპის“ შეკითხვის პასუხად, მან თქვა, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან.
„რა თქმა უნდა, ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალურია, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულახდილები, რუსეთის მოთხოვნები სრულიად არარეალურია. ანუ, ისინი ითხოვენ ტერიტორიებს, რომლებიც სამხედრო გზითაც კი არ დაუპყრიათ დიპლომატიური დიპლომატიური საშუალებებით. ამრიგად,
ეს კეთდება იმისათვის, რომ მოლაპარაკებების სიტუაცია გარკვეულწილად დაბალანსდეს და ყურადღების გადატანა რეალურად მოხდეს პრობლემაზე, რაც არის ის, რომ რუსეთი თავის მეზობლებზე თავდასხმას აგრძელებს“, - თქვა კალასმა.
ევროკავშირი პირდაპირ არ მონაწილეობს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო დროს გამართულ მაღალი დონის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ამასთან, ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უზრუნველყოფდეს „მტკიცე და სანდო“ უსაფრთხოების გარანტიებს და პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს.
„ევროპას აქვს მკაფიო და ლეგიტიმური ინტერესი რუსეთის ომის დასრულების მიმართ. იმისათვის, რომ ევროპული ინტერესები არ იქცეს თანმხლებ ზიანად, ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, თუ რას ველით რუსეთისგან: საზღვრების პატივისცემა, საბოტაჟის დასრულება, ომის ზიანის ანაზღაურება და უკრაინელი გატაცებული ბავშვების დაბრუნება არა მხოლოდ წარმოუდგენელი მოთხოვნებია, არამედ ისინი საბაზისო უნდა იყოს.
ამიტომ, სანამ მოსკოვს დაველაპარაკებით, ნათლად უნდა გვესმოდეს, რაზე გვინდა მათთან საუბარი.არ შეიძლება რუსეთის მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე პასუხი მინიმალისტური იყოს“, - განაცხადა კალასმა.
