კალაძე ხოშტარიას პატიმრობაზე: „ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“

„ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერი კახა კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5 წლით დაპატიმრებას გამოეხმაურნენ. მათი თქმით, სასჯელი ადეკვატურია, ხოლო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მრავალშვილიანობაზე აპელირება სპეკულაციაა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კალაძის განცხადებით, ხოშტარიას ქმედება, რომელმაც საარჩევნო ბანერზე „რუსული ოცნება“ დაწერა, არ იყო მხოლოდ ბანერის დაზიანება: „ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა“. მან ხაზი გაუსვა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია:

„ციხეში არავის წასვლა მიხარია, თუმცა ჩვენ ყველანი ზრდასრული ადამიანები ვართ... ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს“.

„ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ხოშტარიას „ანარქისტულ ელემენტად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია კანონი დაიცვას.

„სპეკულაცია დაიწყო, რომ ელენე ხოშტარია არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. - უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს. ამ ადამიანს მრავალი სამართალდარღვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ხოშტარიას და მისი „პატრონების“ მიზანია, პოლიტიკოსი მძევლად ჰყავდეთ, რათა სახელმწიფოს წინააღმდეგ „ორკესტრირებული შეტევის“ საფუძველი ჰქონდეთ.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით წარწერის გაკეთება, რითაც პროკურატურის მტკიცებით, „ქართულ ოცნებას“ 570 ლარის ზიანი მიადგა. მოსამართლე გიორგი არევაძემ ხოშტარიას 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არევაძის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები, რადგან პოლიტიკოსს წარსულში 16 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უფიქსირდებოდა და უარს ამბობდა ჯარიმებისა თუ გირაოს გადახდაზე.

ხოშტარია ამბობდა, რომ ეს იყო სოლიდარობის აქტი სტუდენტ მეგი დიასამიძის მიმართ, რომელიც ანალოგიური ბრალდებით დააკავეს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ციხიდან გავრცელებულ წერილში ელენე ხოშტარია წერს: „ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს... ჩემმა შვილებმა კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს და მათ რუსის მოწყალება არ სჭირდებათ“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.