მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ნორმალური და განვითარებული ქვეყნიდან“ პაველ ჰერჩინსკის, რომელიც ევროკავშირის ელჩია საქართველოში, „გააპანღურებდნენ“. კალაძე ასე გამოეხმაურა დიპლომატს, რომელმაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს და ვიდეორგოლებს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქებია გამოსახული, სამარცხვინო და ამაზრზენი უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
მმართველი პარტიის გენმდივანი ელჩის განცხადებას საარჩევნო პროცესში „გარე ჩარევის მცდელობად“ აფასებს.
„ევროკავშირის ელჩს არ მოსწონს, მისთვის თურმე შემზარავი ყოფილა. ... ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს. ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება, ოჯახების კეთილდღეობა. მეორე მხარეს არის ომი, ნგრევა, სოფლების განადგურება, გაუბედურება, ტერიტორიების დაკარგვა, გამოვლილი გვაქვს ეს უკვე. 2008 წელს, სამწუხაროდ, საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რამხელა საშინელების მომტანია ომი. არ გვინდა იგივე გავიმეოროთ,
შესაბამისად, ეს განცხადებები, რასაც ვისმენთ ელჩის მხრიდან, პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა და აქაც, რა თქმა უნდა, უნდა მოვუწოდოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები.
წარმოიდგინეთ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამე იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე“, - თქვა კალაძემ.
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 26 სექტემბერს, თბილისში გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ბანერების ერთ მხარეს, შავ-თეთრად გამოსახულია რუსეთის მიერ უკრაინაში დაბომბილი ქალაქები, ეკლესიები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ხოლო მეორე მხარეს - ბანერების ფერად ნაწილში - საქართველოს განათებული ქალაქები, სამების საკათედრო ტაძარი, რეაბილიტირებული თეატრი, სპორტული მოედანი და ა.შ.
ბანერებს „სამარცხვინო“ და „კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. „ქართული ოცნების“ კამპანია დაგმო უკრაინის ხელისუფლებამაც. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მიუღებლად მიიჩნევენ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ამსახველი სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას“.