„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია და „მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
კალაძის თქმით, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
„აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენს ოპონენტებს თავდაპირველად ჰქონდათ ასეთი ნარატივი, რომ ჩვენ ვიტყუებოდით და მსგავსი ინვესტიციის განხორციელებით არაბული კომპანია დაინტერესებული არ იყო. მას შემდეგ რაც ოფიციალურად მოხდა ყველაფერი, არაბები ჩამოვიდნენ საქართველოში და პროექტის დაწყება დაანონსდა, მათ ნარატივი შეცვალეს და მაქსიმალურად ცდილობენ ამ ინვესტიციას ზიანი მიაყენონ.
რა თქმა უნდა, პროექტი განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. არსებობს მიწა, ჯერ უნდა გაკეთდეს პროექტი და დამტკიცების შემდეგ, დაიწყება ინვესტიციის გასაჯაროება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი.
ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ოდენობის 6.5 მილიარდ დოლარიანი პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არასდროს შემოსულა. ეს ყველაფერი არამხოლოდ ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას წაადგება, ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს უფრო გააძლიერებს. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია. მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა - მოხმარდება ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ საკითხებს, მათ შორის პენსიების გაზრდას და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, კახა კალაძემ თქვა, რომ „დასამალი არაფერია, ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ისაუბრა ყველა დეტალზე“.
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აბუ დაბიში კომპანია Eagle Hills („იგლ ჰილსი“), „ქართული ოცნების“ მთავრობის მტკიცებით, საქართველოში 6.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. საუბარია თბილისისა და გარდაბნის (კრწანისის ტერიტორია) და აჭარის (ბათუმი/გონიო) ტერიტორიებზე უძრავი ქონებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროექტებზე.
„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე, შენდება ახალი მწვანე ქალაქი - მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი - პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
22 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის, შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ (ს/ნ: 404770011) შექმნის შესახებ ხელშეკრულებას. შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
ირაკლი კობახიძის 22 ოქტომბრის განკარგულების მიხედვით, საინვესტიციო ხელშეკრულება და აქციონერთა შეთანხმება, ასევე მათი თანმხლები დოკუმენტაცია კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული. „ოცნების“ მთავრობა აცხადებს, რომ ხელშეკრულებაში სახელმწიფოს ინტერესები დაცულია.
