კალაძე ადასტურებს, რომ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ადასტურებს, რომ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნული ბანკი 2007 წელს კალაძემ თავისივე კომპანიის, „კალა კაპიტალის“ მეშვეობით დააფუძნა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით. დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს“, - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

კალაძის თქმით, საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, არა თავად, არამედ „შესაბამისმა ადამიანებმა მიმართეს“. კითხვას, არის თუ არა ის მზად, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, მან უპასუხა, რომ მისი „სათანამშრომლო არაფერი არ არის“.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სააქციო საზოგადოება „პროგრესიდან“, რომელიც 2018 წელს „პროგრეს ბანკის“ ბაზაზე შეიქმნა, დოკუმენტები ამოიღეს.

ტელეკომპანიის ცნობით, სააქციო საზოგადოებად გარდაქმნილი „პროგრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს ფიქციურ ხელმძღვანელად ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი გიორგი მოდრეკელიძე დანიშნეს და მას ფინანსური არქივი ჩააბარეს. 6 წლის შემდეგ, 2024 წლის ივნისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოდრეკელიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ეძებდნენ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, გიორგი მოდრეკელიძე პასუხობს:

„საბუთებს, ფულს, სავარაუდოდ, და მტიკიცებულებას, თითქოს, კონფიდენციალური ინფორმაცია გავეცი, მაგრამ, რეალურად მსგავსი არაფერი არსებობს. ოჯახის წევრებთან ბანკის შიდა საკითხებზე არც კი მილაპარაკია, მაგრამ მაინც ასე გადაწყვიტეს, ზემოქმედების ბერკეტად დაიტოვეს, რომ ნაეთსავებიც, მართალია მოწმის სტატუსით, მაგრამ ყველა გამოძიების ქვეშ არის“.

ტელეკომპანია „პირველის“ თანახმად, გიორგი მოდრეკელიძის სახლიდან გატანილ დოკუმენტაციას შორის არის სრული ინფორმაცია „პროგრეს ბანკის“ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების, აქციონერების დეპოზიტების და გადარიცხვების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან „პროგრეს ბანკის“ აქციონერი, თითქმის 22%-იანი წილი მფლობელი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც იყო. კახა კალაძემ საკუთარი 78%-იანი წილი 2013 წელს გაყიდა და 2015 წლის ივნისში ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ილია გავრილოვის ხელში აღმოჩნდა. გავრილოვი ფლობდა 99%-იან წილს რუსეთის „ფედერალურ დეპოზიტების ბანკში“ (Федеральный Депозитный Банк), რომელსაც 2015 წლის დეკემბერში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ლიცენზია გააუქმა ფულის გათეთრების ნიშნების შემცველი ტრანზაქციების გამო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.