კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა თავისი უფროსი ვაჟი, 20 წლის ახმატ კადიროვი, ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. საკადრო ცვლილებების შესახებ უფროსმა კადიროვმა თავის Telegram არხზე დაწერა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ახმატ კადიროვი შეინარჩუნებს ფიზიკური კულტურისა და სპორტის რეგიონული მინისტრის თანამდებობას, რომელიც მან 2024 წლის მაისში დაიკავა. მანამდე ის ჩეჩნეთის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და საფეხბურთო კლუბ „ახმატის“ პრეზიდენტი იყო.

ახმატ კადიროვი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, 2023 წელი

რამზან კადიროვის თქმით, მის შვილს მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილებ აქვს, ღრმად ესმის მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებული სფეროების სპეციფიკა და დაამტკიცა, რომ პასუხისმგებლიანი და ეფექტური ლიდერია.

დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების გამოცემა „პროექტი“ წერს, რომ მთავრობასთან დაკავშირებულ თანამდებობებზე, რამზან კადიროვის სულ მცირე 96 ნათესავი მუშაობდა ან მუშაობს, მათ შორის 7 მისი შვილია. რამზან კადიროვის მეორე ვაჟი, ზელიმხანი, 2024 წელს ჩეჩნეთის საბრძოლო კლუბ „ახმატისა“ და ჩეჩნეთის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი გახდა, ხოლო მესამე ვაჟი, ადამი, 2025 წელს რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.

ადამ კადიროვი და ვლადიმირ პუტინი, 2025 წელი

2024 წელს რესპუბლიკის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტული კლუბ „ახმატის“ გენერალური დირექტორი რამზან კადიროვის კიდევ ერთი ვაჟი ალი კადიროვი გახდა.

ალი კადიროვი და ვლადიმირ პუტინი, 2024 წელი

რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილი, აიშათი, 2023 წელს, 25 წლის ასაკში სოციალურ საკითხებში რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა, ხოლო მეორე ქალიშვილმა, ხადიჟატმა, 2024 წლის თებერვალში, 24 წლის ასაკში, ჩეჩნეთის მეთაურის და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის პოსტი დაიკავა. კადიროვის კიდევ ერთი ქალიშვილი, 23 წლის ხუთმატი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის სამდივნოს უფროსის მოადგილე და რეგიონული ჯანდაცვის სექტორის კურატორია.

ოფიციალურად რამზან კადიროვს 14 შვილი ჰყავს. ბოლო წლებში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის მოქმედი ლიდერე მძიმედ ავადაა. თავად კადიროვი ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის არსებობას უარყოფს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.