„სამწუხაროდ, ეს დახმარებები, ძირითადად, მათ აქ ყოფნას ემსახურება და პირდაპირი გავლენა ჩვენს მოქალაქეებზე, მთავრობის ფუნქციონირებაზე, ან პენსიაზე, ხელფასზე, ჯანდაცვაზე, თავდაცვასა თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებაზე არა აქვს“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის დახმარებების შეჩერების შესახებ დასმულ შეკითხვას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
ქადაგიშვილის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები „გარკვეულწილად ხელს უწყობს“ წინასაარჩევნო პროცესში სიტუაციის დაძაბვას.
„ეს არის მცდელობა იმისა, რომ მოსახლეობა არჩევნების წინ შანტაჟის ქვეშ ამყოფონ და რამენაირად „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავს პარტიებს სპეკულაციისთვის სასიცოცხლო ჟანგბადი მიაწოდონ. ეს არის სამწუხარო და ძალიან დასანანი ფაქტი. საქართველო საკმაო გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც დემოკრატიის გზაზე აშკარა პროგრესი გააჩნია. ქვეყანა ამ გაუგებრობას გადალახავს. საპარლამენტო არჩევნებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ვითარება ნორმალიზაციისკენ წავა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ 1-ელ აგვისტოს, ესპანურ გამოცემა Europa Press-თან ინტერვიუში გაიმეორა ევროკავშირის შეშფოთება ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის ძალაში შესვლის გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხს განიხილავს.
ევროკავშირმა უკვე გაყინა 30 მილიონი ევრო, რომელიც ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის იყო განკუთვნილი.
მთავრობის მხარდაჭერის სრულ გადახედვას აწარმოებს დანიაც, ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფო. დანიის თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეაჩერა საქართველოსთან გასულ წელს დაწყებული ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა, რომლის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 28 მილიონი ლარი იყო.
რუსული კანონის მიღების შემდეგ, აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. გადახედვის ფარგლებში, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“, რომელიც საქართველოში ივლისის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, გაურკვეველი ვადით გადადო. 31 ივლისს კი, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის. დახმარების შეჩერების მიზეზი მთავრობის „ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებებია“, რომლებიც, ბლინკენის თქმით, არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს.
