გიორგი უძილაურს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსსა და ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეს ადევს გრიფი „სრულიად საიდუმლო“, რის გამოც სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 4 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 5 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 6 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
ბრალდებულის ადვოკატის, ბექა გულედანის განცხადებით, უძილაური წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. საქმის საიდუმლოებიდან გამომდინარე, პროკურატურა და დაცვის მხარე მტკიცებულებებზე საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა ადვოკატმა აღნიშნა, რომ მასალებში ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები დევს.
„მიმაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები წარდგენილ ბრალდებასთან საერთოდ არ არის ადეკვატური“, - აცხადებს გულედანი.
ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად, პროკურორმა არ დაასახელა ის ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც ბრალდებული სავარაუდოდ მოქმედებდა. მიზეზად გამოძიებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვა დასახელდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ვერსიით, დაკავებული საჯარო მოხელე საკუთარი თანამდებობის, წარსული გამოცდილებისა და პირადი კავშირების გამოყენებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ აწვდიდა ინფორმაციას.
გამოძიების თანახმად, გადაცემული მონაცემები მოიცავდა: ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს; ვითარებას ძალოვან და უსაფრთხოების სტრუქტურებში; ინფორმაციას ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე.
სუს-ის მტკიცებით, უძილაურს უცხოურ მხარესთან მაღალ დონეზე ორგანიზებული, კონსპირაციული კონტაქტი ჰქონდა და ინფორმაციას დაშიფრული ელექტრონული საშუალებებით გადასცემდა. გარდა ამისა, უწყება აცხადებს, რომ იგი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზე, რომელთა მიზანი მედიის წარმომადგენლების მიზიდვა და მათი მეშვეობით სადაზვერვო მონაცემების შეგროვება იყო.
ბრალდებულის მეგობარი, ლიკა ნაღებაშვილი, მომხდარს მმართველ პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებას უკავშირებს. ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ უძილაური ქვეყნის პატრიოტია და მისი დაკავება შესაძლოა „ქართულ ოცნებაში“ საგარეო კურსთან დაკავშირებულ განხეთქილებას უკავშირდებოდეს.
„როდესაც „ოცნება“ დაიყო, გიორგი, როგორც პროგრესული ადამიანი, ყოველთვის ჩვენი ნამდვილი პარტნიორების - ევროპისა და ამერიკის მხარეს იყო. ვფიქრობ, ეს დარტყმა უფრო გლობალურია და ევროპულ მიმართულებას უკავშირდება“, - განაცხადა ნაღებაშვილმა.
გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
