საქართველო გახდება საგანმანათლებლო კერა – ჯაში

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ განათლების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება და საქართველო საგანმანათლებლო კერა გახდება. ამის შესახებ მან უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველო გახდება საგანმანათლებლო კერა. როგორც დაიბრუნებს გელათის, იყალთოს აკადემიების სტატუსს და ის სტრადიციულად რაც იყო საგანმანათლებლო კერა საქართველო, იმას გააძლიერებს. ტრადიციული იყო, რომ განათლების მიღება მაშინ, როდესაც სხვა, ჩვენს გარშემო რეგიონებში არ იყო ესეთ დონეზე განათლების სისტემა, ჩვენთან იყო“, - განაცხადა ჯაშმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ [სტილი დაცულია].

მან ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ ირჩევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკუთარი შვილებისთვის კერძო სკოლას, მანიპულაცია უწოდა: „აქამდე გამოწვევა იყო და მაგას ვამბობთ, რომ გამოწვევა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში და მათ შორის, საჯარო სკოლებში დღეს არის განათლება გამოწვევა და ამას ვცვლით“, - აღშნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით ცვლის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონს, რის შედეგადაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება - როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე, კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები კი სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ.

ამასთან, სახელმწიფო უნივერსიტეტებს ყოველწლიურად საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას და ასევე იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომლის განხორციელების უფლებაც ექნებათ.

საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, მომდევნო სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება აეკრძალებათ.

რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციაც წარადგინა. რეფორმის თანახმად, საჯარო სკოლებში მხოლოდ განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან, I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმების ტარება, მოსწავლეებს მობილური ტელეფონების გამოყენებას აუკრძალავენ, სწავლება 11-წლიანი იქნება, თუმცა „სპეციალურ კლასს“ გახსნიან მათთვის, ვისაც 12-წლიანი განათლების მიღება სურს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.