სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე 30 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 44 დაშავებული გადაიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 44 ადამიანიდან 27 აქციის მონაწილეა, ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი და 16 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.
„დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათმა ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
29-30 ნოემბერს, საპროტესტო აქციიდან 40 დაშავებული იქნა ჰოსპიტალიზირებული, ხოლო 28-29 ნოემბერს - 33.
მოქალაქეები თბილისსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტები აქციის სამივე ღამეს დაარბია წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს სასტკად უსწორდებოდა.
დარბევისას დაშავდა მედიის 50-მდე წარმომადგენელი. ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს.
