ივანიშვილი: კარგად გავაანალიზეთ, რომ არცერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის

„გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

განცხადებაში ნახსენებია გუნდის შიგნით „მუხანათური ღალატი“, რომელმაც, ბიძინა ივანიშვილის თქმით, არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქვეყანას შეუქმნა „განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე“.

„წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა, ჩვენ ამასაც გავუძელით“, - წერს ივანიშვილი.

როგორც ის ამბობს, „ყველა მოღალატე“ ამხილეს და „შიდა მტრებს“ აიძულეს, „ეღიარებინათ, რომ მათ ქმედებას არა ეროვნული, არამედ, გარე ინტერესი უდევს საფუძვლად“.

„მეგობრისა და პარტნიორის ნიღაბს ამოფარებულ კონკრეტულ უცხო ძალებს ღიად მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ჩვენგან მათი ინტერესების მორჩილებას მოითხოვენ!

სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გაიზარდა ზეწოლა და შანტაჟი, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. ბუნებრივია, გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმები უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა, კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ.

ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას.

მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება. მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ახალ-ახალი უცხოელი პოლიტიკოსები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები გამოიყვანონ სცენაზე, რომლებიც სიცრუეში უკვე მხილებულ, მსგავსი რანგის ადამიანებს ჩაანაცვლებენ, თუმცა, უჭირთ გააზრება, რომ ვეღარ მოგვატყუებენ. დღეს ჩვენი საზოგადოება გულისყურით უსმენს იდეებსა და აზრებს, ხოლო ანალიზის საფუძველზე ლოგიკურ დასკვნებს აკეთებს, რაც მთავარია, ქართველი ხალხისთვის ავტორიტეტს არა კონკრეტული სახელები და გვარები, რეგალიები ან ხელოვნურად შექმნილი გავლენიანი პოლიტიკოსები, არამედ სიმართლე წარმოადგენს!“, - წერს ივანიშვილი.

მისი თქმით, „უდიდესი მონაპოვარია“ ისიც, რომ საზოგადოება „ქართულ ოცნებასთან“ ერთად „გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი“.

„დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ - მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს.

ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი“, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

ის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც ახსენებს და მას „კიდევ ერთ გამოცდას“ უწოდებს.

„მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ. მათ რეალურ ზრახვებში სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება, მათი მხარდაჭერაც ყოველდღიურად იკლებს, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებიც დღეს ისეთი მყარია, როგორც არასდროს, ეს კი არწმუნებთ, რომ ერთადერთი შანსი დარჩათ, რაც კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს, საკუთარ სახელმწიფოზე და, შესაბამისად, ხალხზე პირდაპირ თავდასხმას გულისხმობს.

ამ ფონზე, 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ“, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილი წერს, რომ 13 წლის განმავლობაში იყო შეცდომებიც - „თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.