ირლანდიიდან საქართველოში 52 ადამიანის, მათ შორის 7 ბავშვის დეპორტაცია განხორციელდა. დუბლინიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი 3 ნოემბერს შესრულდა. დეპორტირებულ სრულწლოვანთაგან 35 მამაკაცი და 10 ქალი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
იუსტიციის მინისტრმა ჯიმ ო’კალაჰანმა განაცხადა, რომ დეპორტაციები წლის ბოლომდე გაგრძელდება. მინისტრის განმარტებით, ისინი, ვისაც არ დაუკმაყოფილდებათ საერთაშორისო დაცვის შესახებ განაცხადები, ვალდებულები იქნებიან ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გააძევებენ.
მიგრაციის მინისტრმა კოლმ ბროფიმ აღნიშნა, რომ ჩარტერული რეისები „უკიდურეს საშუალებას“ წარმოადგენს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ირლანდიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა აქ ლეგალურად იმყოფება, რადგან ქვეყანაში სხვადასხვა ხელმისაწვდომი კანონიერი არხებით შემოვიდნენ. ჩვენ მივესალმებით მათ. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებაში“, - თქვა ბროფიმ.
ირლანდიის მთავრობას ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამაც აქვს, რომელიც ხელმისაწვდომია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ გააჩნიათ სამართლებრივი სტატუსი, ან საერთაშორისო დაცვაზე უარი მიიღეს.
მთავრობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შეზღუდული პერიოდის განმავლობაში ნებაყოფლობითი დაბრუნების ანაზღაურებას ერთ ადამიანზე 1200 ევროდან 2500 ევრომდე, ხოლო ოჯახზე 2000 ევროდან 10 000 ევრომდე გაზრდის.
„ეს მიზნად ისახავს სისტემაზე იმ ტვირთის შემცირებას, რომელიც ბოლო წლებში მიღებული განაცხადების დიდი რაოდენობით იყო გამოწვეული. წელს ქვეყანა ნებაყოფლობით 1348 ადამიანმა დატოვა“, - განაცხადა ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა.
დაბრუნების პროგრამით სარგებლობა დეპორტაციის შესახებ ბრძანების გამოცემამდეა შესაძლებელი.
წელს 3870-ზე მეტი დეპორტაციის ბრძანება უკვე გაფორმდა. მოსალოდნელია, რომ ირლანდია ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი არალეგალის დეპორტაციას სწორედ მიმდინარე წელს განახორციელებს.
