„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის მასშტაბურ ცერემონიას დაესწრება. ირანული მედიასაშუალების, WANA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყაველაშვილის პრესსამსახურმა დაადასტურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
როგორც WANA წერს, მიხეილ ყაველაშვილი ირანში გამართულ სამგლოვიარო ღონისძიებებზე ოფიციალურ დელეგაციას უხელმძღვანელებს.
ამავე წყაროს ცნობით, დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც რეგიონის ლიდერებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დასწრების განზრახვა გააჟღერა. უცხოელ ლიდერებს შორის იქნებიან თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ყატარის ემირი ან პრემიერ-მინისტრი. დაკრძალვაზე ოფიციალურ დელეგაციას გაგზავნის პაკისტანი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი და პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფი წარმოადგენენ.
ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას და რა დონეზე იქნებიან წარმოდგენილნი რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები, ასევე, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა ნაწილიც ომის დროს ირანის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების სამიზნე იყო.

აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ირანის პრეზიდენტი იყო 1981-1989 წლებში, ხოლო 1989 წლიდან უზენაესი ლიდერის პოსტს იკავებდა, მიმდინარე წლის 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა.
დაკრძალვის ოთხთვიანი დაყოვნება უშუალოდ უკავშირდებოდა საომარ მოქმედებებს, ცეცხლის შეწყვეტასა და შემდგომ მოლაპარაკებებს. ირანის ხელისუფლების განცხადებით, ცერემონია ახლა შედარებითი დეესკალაციის პერიოდს დაამთხვიეს, რა დროსაც ირანი და აშშ ურთიერთდაბომბვებს აჩერებენ და 17 ივნისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ბირთვულ საკითხებზე საბოლოო მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ხამენეის დაკრძალვა ირანის ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო ღონისძიება იქნება, რომელიც ექვსი დღის განმავლობაში ირანისა და ერაყის ხუთ ქალაქს მოიცავს.
საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონია 4 ივლისს, დილის 6:00 საათზე, თეირანში, იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყება და 5 ივლისის საღამოს 8:00 საათამდე გაგრძელდება. თეირანის მერის ვარაუდით, დედაქალაქში 20 მილიონამდე ადამიანის შეკრებას ელოდებიან.
თეირანის შემდეგ, 7 ივლისს პროცესია შიიტური თეოლოგიის ცენტრში, ყუმში გადაინაცვლებს და მარშრუტი ფატიმა მასუმეს მავზოლეუმიდან ჯამკარანის მეჩეთამდე გაივლის. ყუმის შემდეგ ცხედარს ერაყის შიიტური ისლამის ორ უწმინდეს ქალაქში - ნაჯაფსა და ქარბალაში გადაასვენებენ. ამ პროცესიებში ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანიც მიიღებს მონაწილეობას.
საბოლოო დაკრძალვის ცერემონია ხუთშაბათს, 9 ივლისს, ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში, იმამ რეზას მავზოლეუმში გაიმართება.
უსაფრთხოებასა და ადამიანთა ნაკადების მართვაზე პასუხისმგებელი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) იქნება, ხოლო ლოგისტიკურ საკითხებს გასამხედროებული ფორმირება „ბასიჯი“ კოორდინირებს.
ცერემონიის ფონზე, ერთ-ერთ მთავარ კითხვად რჩება ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის გამოჩენა. მამის გარდაცვალების შემდეგ ის საჯაროდ არასდროს უნახავთ. ამერიკული მედიის ცნობით, 28 თებერვლის სარაკეტო თავდასხმების დროს, მოჯთაბა ხამენეი მძიმედ დაშავდა და რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა, თუმცა ირანის ხელისუფლება ამ ცნობებს არ ადასტურებს.
