ირანის ელჩი „ირანში ჩასვლას“ უწოდებს 410 წლის წინ ქართველების გადასახლებას

აქართველოში ირანის საელჩომ 11 თებერვალს, 47 წლის წინ ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღის აღსანიშნად საზეიმო მიღება გამართა, რომელსაც „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიაც დაესწრო. „ირანში ქართველების ჩასვლის 410-ე წლისთავი“ - ეწერა ინგლისურად ბარათს, რომლითაც  ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ სტუმრები მიიწვია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოსაწვევის ფოტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი სანიკიძემ გაავრცელა.

„გამოდის 1616 წელი - შაჰა აბასის ლაშქრობების დროს (1613-1617) კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაწყვეტა ირანელების მიერ და გადარჩენილების მნიშვნელოვანი ნაწილის ძალადობრივი გადასახლება ირანში. ანუ, ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის“, - დაწერა გიორგი სანიკიძემ. მან მიღებაზე მისვლა ირანში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

გიორგი სანიკიძეს ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ უპასუხა. კომენტარში, რომელიც გამოცემა „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა, ის იმეორებს, რომ „1616 წელს, ანუ 410 წლის წინ, ირანში ჩავიდა ქართველების პირველი ჯგუფი“.

„მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ირანის ვაჭრობის განვითარებაში, არქიტექტურასა და ირანის ტერიტორიის დაცვაში. დღეს, ისლამურ საბჭოს მეჯლისის ერთ-ერთი წევრია ირანელი ქართველების წარმომადგენელი, რომლებმაც ბოლო ოთხი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნეს თავიანთი ენა და კულტურა და წარმოადგენენ დამაკავშირებელ საზოგადოებრივ ხიდს ჩვენს ხალხსა და დღევანდელ საქართველოს შორის“, - განაცხადა დიპლომატმა.

ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე მტკიცებას, რომ „ქართველები ირანში საცხოვრებლად გადავიდნენ“, დაცინვას და შეურაცხყოფას უწოდებს:

„1614-1617 წლების შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოში ქართველების ფიზიკურ განადგურებას ისახავდა მიზნად.  ეს იყო ქართველების გენოციდი. მაშინ ეს ტერმინი ცხადია არ არსებობდა, მაგრამ ყველა დეფინიციით ეს არის გენოციდი.

მაშინვე ხდებოდა მუსლიმური ტომების ჩამოსახლება. ამოცანა იყო, რომ აღმოსავლეთ საქართველო მოკლე დროში უნდა გამხდარიყო ირანის ორგანული ნაწილი დემოგრაფიულად, კულტურულად, სარწმუნოებრივად.

სისხლისღვრის მეტი რა უნახავს ამ ქვეყანას, მაგრამ მანამდე არასდროს ამხელა უბედურება არ უნახავს საქართველოს.

იმის თქმა, რომ „ქართველები ირანში გადავიდნენ საცხოვრებლად“ არის დაცინვა, შეურაცხყოფა, მარაზმი.

ეს მისწერეს „ქართულ ოცნებას“ ირანელებმა, ესენი კი მივიდნენ და იზეიმეს. ჩვენაო ერეკლე პაპა გვიყვარსო... არაფერი თქვენი სტომაქის გარდა თქვენ არ გიყვართ!

წარმოიდგინეთ, 24 აპრილს (გენოციდის ხსოვნის დღეა) სომხები რომ მიიწვიონ თურქებმა „სომეხთა ლიბან-სირიაში ჩასვლის“ აღსანიშნავად. ეს თავში აზრად ვის მოუვა? თავმოყვარეობა არ დაუტოვეთ ამ ქვეყანას.

თემურ ლენგის მავზოლეუმში იყავით, 1921 წლის ოკუპაციის 100 წლისთავზე საბჭოთა რუსული ისტორიოგრაფიის სიყალბე გაიმეორეთ, 25 თებერვალი მოდის და მოდი ბარემ აღვნიშნოთ „ქართველთა (სტალინი და ორჯონიკიძე) საქართველოში დაბრუნების 105 წლისთავი“.

არა, ალბათ ცოტა ადრეა, ჯერ სამუშია-მეტრეველის ექსკლუზივად უნდა აქციოთ ისტორია, რომ ნებისმიერი დაკვეთა დაიწეროს, რამე საწინააღმდეგოს მთქმელი აღარ უნდა არსებობდეს და მერე ამასაც იზამთ“, - წერს ბექა კობახიძე Facebook-ზე.

ირანის საელჩომ საზეიმო ღონისძიება ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გაარდა, მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც დაესწრო.

11 თებერვალს თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში გაანათეს, რაც საქართველოში ისრაელის საელჩომ გააკრიტიკა და განაცხადა: „რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან?“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.