ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო - ეკა ბესელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ტვ „პირველის“ ეთერში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გაავრცელა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბესელიას განმარტებით, აშშ-ის მხრიდან ეს გადაწყვეტილება არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ საქართველოში შაიშმელაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

„ირაკლი შაიშმელაშვილმა აჩვენა ის გამბედაობა და პასუხისმგებლობა, რასაც პოლიციელებისგან ველოდებით - მან უარი თქვა უკანონო დავალების შესრულებაზე, ამხილა რეპრესიული სისტემა და წავიდა. მას დააწიეს სისხლის სამართლის საქმე, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მან აშშ-სგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ჩვენი იურიდიული ჯგუფი მუშაობს მის საქმეზე ქართულ სასამართლოში, თუმცა გვქონდა კონტაქტი მის უცხოელ ადვოკატებთანაც. ეს არის პირველი შემთხვევა ამ პოლიტიკური დაპატიმრებების სერიიდან, როდესაც პირმა ეს სტატუსი მიიღო“, - განაცხადა ბესელიამ.

ირაკლი შაიშმელაშვილი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი იყო, რომელმაც სისტემა 2024 წლის 3 დეკემბერს, თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების ძალისმიერი დარბევის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი გადაწყვეტილება განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა, რადგან ის უშუალოდ მონაწილეობდა ოპერაციების დაგეგმვაში.

შაიშმელაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ სისტემაში არსებობდა მოთხოვნა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე, რაზეც მან უარი თქვა. გადადგომისას მან ხაზი გაუსვა, რომ ფიცი ხალხის და არა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის წინაშე ჰქონდა დადებული.

სისტემიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

რამდენიმე დღის წინ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე (რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება) ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდება ეფუძნებოდა 2025 წლის 22 სექტემბერს ემიგრაციაში მყოფი ვეტერანების მიერ გავრცელებულ მიმართვას, სადაც შაიშმელაშვილი სხვა ყოფილ ძალოვნებთან ერთად მოუწოდებდა მოქმედ თანამშრომლებს, არ შეესრულებინათ უკანონო ბრძანებები და დაეტოვებინათ სისტემა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.