ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა

პროპაგანდისტულ ტელეკომპანიას, „იმედს“ ახალი მფლობელები ჰყავს. როგორც ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, 50%-ს „პრაიმ მედია გლობალი“ შეიძენს, ხოლო დარჩენილი წილი „იმედის“ გენერალური დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში გადავა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რუხაძემ „იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ (Hunnewell Partners) გასვლის შესახებ განცხადება დღეს, 6 თებერვალს გაავრცელა.

„2018 წელს, როცა ბადრი პატარკაციშვილის აქტივების დაბრუნებაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, ბადრის ოჯახმა გვთხოვა, რომ მათგან გამოგვესყიდა „იმედი“. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის ფლობა საქართველოში ჩემს გეგმებში არ შედიოდა და ზოგიერთი ჩემი პარტნიორი საერთოდ ამ ნაბიჯის წინააღმდეგი იყო, დავეთანხმეთ ბადრის ოჯახს „იმედის“ ყიდვაზე. 2003 წლიდან „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და კარგად მესმოდა, რომ „იმედის“ ფლობა სარისკო იყო ჩვენი ბიზნეს-ჯგუფისთვის. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბიზნესი გამოყოფილი უნდა იყოს პოლიტიკისგან და ამიტომ ვერიდებოდით პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. „იმედის“ განცალკევება პოლიტიკისგან კი ყოველთვის რთული იყო. ამიტომ, 2018 წელს მე და ჩემი პარტნიორები შევთანხმდით ორ მიზანზე:

1. „იმედი“ იდგებოდა ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების სადარაჯოზე. ეს კი უპირველეს ყოვლისა გამოიხატებოდა იმაში, რომ არ მიგვეცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ანასხლეტებისათვის ხელისუფლებაში დაბრუნების, ქვეყნის ხელახლა არევისა და „იმედის“ ხელმეორედ მიტაცების საშუალება (2022 წლიდან „ქვეყნის არევა“ ასევე მოიცავდა საქართველოს რუსეთთან ომში ხელმეორედ ჩართვის საფრთხეს);

2. „იმედი“ გვემართა სარედაქციო პოლიტიკაში მინიმალური ჩარევით (ძლიერ მენეჯმენტის ჯგუფზე დაყრდნობით, რომელიც მომართული იქნებოდა პირველი მიზნის შესრულებაზე) და ამით მაქსიმალურად შეგვემცირებინა პოლიტიკის მიერ ჩვენი ბიზნესისთვის ხელის შეშლის რისკი. „იმედის“ თვითმიზანი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდაჭერა. თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იყო“, - წერს ირაკლი რუხაძე.

მისი თქმით, გასული 7-8 წლის განმავლობაში „იმედმა“ ამ მიზნებს „მეტ-ნაკლებად“ მიაღწია. როგორც ბიზნესმენი ამბობს, დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ფაქტობრივად ჩამოიშალნენ და ამ პროცესში „იმედმაც“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„საქართველოს ომში ჩართვის საშიშროებაც საკმაოდაა შემცირებული. ქვეყნის შიგნით, დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მთავრობამ ქართული საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო, რომ საქართველოსთვის აეცილებინა ამ ომში მხარედ გამოსვლა. ქვეყნის გარეთაც, ტრამპის ამერიკა აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს უკრაინის ომის დასრულებაზე. ამიტომ ქვეყნის არევის საშიშროებაც მინიმუმამდეა დასული“, - წერს რუხაძე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელევიზიის ფლობა, „ჰანიველ პარტნერსისთვის“ ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენდა და პირიქით, დამატებით სირთულეებს უქმნიდა და აზიანებდა მის „მთავარ საქმიანობას“, რასაც რუხაძე საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებას უწოდებს.

„ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“, - წერს ირაკლი რუხაძე.

მისი თქმით, ახალი მფლობელის პოვნა არ იყო ადვილი - „მფლობელის, რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში.

საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“. კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე. ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში“, - წერს ირაკლი რუხაძე.

 

ამ თემაზე:

ბრიტანეთის პარლამენტში ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე ისაუბრეს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.