თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „პირველის“ სარჩელი და პირველი ინსტანციის მიერ ე.წ. ცილისწამების საქმეზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დედის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ (ოთარ სიჭინავა, გოჩა ჯეირანაშვილი, ლაშა თავართქილაძე) გადაწყვეტილება დღეს, 5 მარტს გამოაცხადა.
„სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ უკანონოდ შეზღუდა მედიის გამოხატვის თავისუფლება და მაუწყებლის ვალდებულება, საზოგადოებას მიაწოდოს საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტი იმისთვის, რომ იყოს ინფორმირებული იმ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება იკვეთებოდეს სავარაუდო უკანონობა.
რამდენიმე შეცდომას ჰქონდა ადგილი, მათ შორის არის სარჩელის დაგვიანებით შეტანა, ხანდაზმულობის ვადის და ინსტიტუტის უგულებელყოფა როგორც მოსარჩელის, ასევე სასამართლოს მხრიდან. როგორც ჩანს, აბსურდული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ „ტვ პირველს“ უნდა ემტკიცებინა, მოსარჩელე თამარ ზაალიშვილმა როდის ნახა სიუჟეტი, გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც, რაც არის სრულად ალოგიკური. ეს საფრთხეს შეუქმნის სხვა საქმეებსაც, სადაც ხანდაზმულობის ინსტიტუტი გამოყენებულია როგორც ბერკეტი საკუთარი ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ტელეკომპანიის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილი.
ტელეკომპანია „პირველი“ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
დავა ეხება გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასულ რეპორტაჟს - „ყალბი დიპლომები სარდაფიდან“. თეატრალური უნივერსიტეტის დეკანის ყოფილი მოადგილე მარინე მიქაუტაძე ყალბ დოკუმენტებზე ხელმოწერაში ადანაშაულებდა ირაკლი კობახიძის დედას, თამარ ზაალიშვილს, რომელიც განათლების სამინისტროს ხარისხის კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო.
თამარ ზაალიშვილმა სასამართლოში იჩივლა და ამტკიცებდა, რომ სიუჟეტში მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცილისმწამებლური განცხადება გავიდა. 2022 წლის 20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ თამარ ზაალიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, ტელეკომპანიას 5555 ლარის, ხოლო ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და პროდიუსერ ნოდარ მელაძეს 5-5 ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მათ რეპორტაჟში გასული „ცრუ ინფორმაციის“ უარყოფაც დაევალათ. თამარ ზაალიშვილის სასარგებლოდ 5555 ლარის გადახდა დაეკისრა მარინე მიქაუტაძესაც.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „პირველმა“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. არხის იურისტების შეფასებით, თამარ ზაალიშვილს სარჩელი უსაფუძვლო იყო და მომჩივანმა ის ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარადგინა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას. სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 10 ივლისს გავიდა. შესაბამისად, სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა 18 ოქტომბერს ამოიწურა, თამარ ზაალიშვილის სარჩელი კი 2022 წლის 12 იანვრით თარიღდებოდა.
