ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი, 42 წლის მამაკაცი 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
ახალი ამბები
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მე-10 კლასის მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედება განახორციელა. შემთხვევა იმერეთის რეგიონში მოხდა.
შსს-მ ი.დ.-ს დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, 20 თებერვალს გაავრცელა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ სასამართლოს მასწავლებლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
