„ჩვენი მთავარი მოკავშირე არის და იქნება რუსეთის ფედერაცია. რუსეთის წინააღმდეგ აგრესია ჩვენ მიერ განიხილება როგორც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია“, - განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა, რომელიც ე.წ. პარლამენტის წინაშე საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ მოხსენებით წარდგა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერის თქმით, „სამხრეთ ოსეთი“ პირველივე დღიდან მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და მისი მებრძოლები, რუს ჯარისკაცებთან ერთად, ებრძვიან „უკრაინელ ნეონაცისტებს, რომლებიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტებად იქცნენ“.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ასევე სრულად დაუჭირა მხარი რუსეთის შემადგენლობაში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების შესვლას. გვიხარია, რომ ჩვენი მეგობრებისთვის დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ხალხის სურვილი, გაერთიანებულიყო რუსეთთან, დაემთხვა ამ ნაბიჯის განხორციელების გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. იმედი მაქვს, რომ შორს არ არის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი დადგება“, - თქვა ალან გაგლოევმა.
მისივე განცხადებით, „სპეცოპერაციის“ ფონზე საქართველოში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც მას „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებენ“.
„ამ კუთხით ჩვენ მივიღეთ ზომები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და სამხედრო სფეროში რუსულ მხარესთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნება არ შეიძლება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს რეგიონში სიტუაცია სრულად კონტროლდება. განხორციელების პროცესშია არაერთი ახალი პროექტი სამხედრო სფეროში.
ჩვენი შემდგომი ურთიერთობა საქართველოს წარმომადგენლებთან საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფორმატში, დაფუძნებული იქნება დავების გადაწყვეტისას ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო დოკუმენტის მიღების აუცილებლობაზე“, - აღნიშნა გაგლოევმა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 2022 წლის 17 ივლისს იყო დანიშნული, თუმცა ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გამოცემული ბრძანება ალან გაგლოევმა არჩევნებში გამარჯვებისთანავე გააუქმა. გაგლოევი ამბობდა, რომ რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის „უდიდესი ოცნებაა“, თუმცა სხვა საკითხია, დადგა თუ არა ის „ისტორიული მომენტი“, როდესაც რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ბიბილოვის ინიციატივა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.
