დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს, რომელიც სამოხელეო დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეეფარდა. გარდა ამისა, მას პასპორტი ჩამოერთვა და პროკურორის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 საქართველოში თოვლიანი ამინდი 3 იანვრამდე შენარჩუნდება
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 იანვარს გამართულ პროცესზე მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო. საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც იმით დაასაბუთა, რომ ბრალდებული ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. პროცესზე თავად ილია ღუდუშაურმაც თქვა, რომ წარდგენილ ბრალს ეთანხმება.
„დღეის მდგომარეობით, ბრალდებულის სტატუსი აქვს მხოლოდ ილია ღუდუშაურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გაფართოვდება პირთა წრე. გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, დავით კაპანაძემ.
ილია ღუდუშაურს გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა განესაზღვრა. როგორც მისმა ადვოკატმა, ლევან სეფიაშვილმა თქვა, ეს თანხა უძრავი ქონებით იქნება უზრუნველყოფილი.
ილია ღუდუშაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ღუდუშაურის მითითებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც მისი ნაცნობი ხელმძღვანელობდა და მას სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.
ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის მარტამდე იყო. ის ამ თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს დაინიშნა და სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიასაც თავმჯდომარეობდა.
„ქართული ოცნების“ ყოფილი ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 24 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
