პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ შპს „რაიდტექ ჯორჯია“ პერსონალურ მონაცემებს სხვა სახელმწიფოში, კერძოდ, რუსეთის ფედერაციაში კანონდარღვევით გადასცემს. აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
სამსახურის განცხადებით, შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს.
„შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/„IP Address“-ი, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/„IP Address“-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ შემოწმების დაწყებამდე „რაიდტექ ჯორჯიამ“ პერსინალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა და საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა მოითხოვა.
„სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში შეისწავლა აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული - მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით უარი ეთქვა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go და Yandex Pro) სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციაში) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა დაადგინა, რომ შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დარღვეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.
სამსახურის ცნობით, კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/„IP Address“) რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა.
