ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დაადასტურა, რომ ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის კონტაქტები შეჩერებული აქვს. დიპლომატის თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბრიუსელში მათთან მაღალი დონის შეხვედრები არ გამართულა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
„მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა განხილვა ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ.
ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდასა და კონსპირაციის თეორიას და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა, რომ არ გვქონოდა არანაირი მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს არსებულ ხელისუფლებასთან და სწორედ ამიტომ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ივნისში, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეეჩერებინა. მისი თქმით, საბჭო საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ 17-18 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე განიხილავს.
„ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ლიდერები საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების შესახებ. ამ მომენტში გიმეორებთ, რომ ჩვენი კარი გაიღო. სწორედ ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი კონკრეტული პირობებით. ეს პირობები უნდა შესრულდეს. ძალიან მწყდება გული, რომ საჭირო რეფორმების ინიცირების ნაცვლად, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და მივედით იმ წერტილთან, როდესაც ევროპული საბჭო იძულებული გახდა, შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“, - თქვა ჰერჩინსკიმ.
ელჩის განცხადებით, თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობის უფლებები ის ღირებულებებია, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება. პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს ახალ მთავრობას, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგული იქნება.
