„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმის პროექტის პრეზენტაციაზე საუნივერსიტეტო სისტემის 7 გამოწვევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემა ფაკულტეტების დუბლირებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 3 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 4 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 5 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 6 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
„მაგალითისათვის, თბილისი რომ ავიღოთ, ოთხ სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს იურიდიული ფაკულტეტები. ასეთ პირობებში ისედაც მწირია რესურსი, მათ შორის საკადრო, ინფრასტრუქტურული რესურსი. ასეთ პირობებში, მაგალითად, რომ ავიღოთ განვითარებული ქვეყნები, ძალიან ხანგრძლივი აკადემიური ტრადიციებით, იქაც კი უჭირთ ერთ ქალაქში ერთზე მეტ სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი და იგივე ფაკულტეტის არსებობა“, – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი რეფორმის პროექტის მიხედვით, სხვადასხვა ქალაქში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს.
„გამოწვევიდან გამომდინარე, გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი. თბილისი რომ ავიღოთ პირველ რიგში, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის.
ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის ტრადიციული ფუნქციებისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. ბუნებრივია, სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი პერიოდი, ვინც სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება საშუალება, დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტი შესაბამისი სპეციალობით. ძალდატანებით, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება. ერთადერთი, სტუდენტებს შეუძლიათ, ნებაყოფლობით აირჩიონ მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრეზენტაციის დროს, მან პირველი გამოწვევად დაასახელა „უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია“ - აღნიშნა, რომ სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას დედაქალაქში იღებს. კობახიძის თქმით, დეკონცენტრაციისთვის „თბილისთან ერთად ქვეყანაში უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა“.
„საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ იყოს ორი ძირითადი კერა - თბილისი და ქუთაისი, სადაც უნივერსიტეტებში ერთობლიობაში იქნება უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობით უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის.
აქ არის ჩამოთვლილი სპეციალობები ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიები, სამართალი, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები, უცხო ენები, პედაგოგიკა, მედიცინა ანუ ეს ორი ქალაქი ვფიქრობთ, რომ უნდა ფარავდეს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, რასაც მოიაზრებს ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორისა და თელავში არსებული უნივერსიტეტების შემთხვევაში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ორ მიმართულებაზე - სოფლის მეურნეობასა და პედაგოგიკაზე.
