პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება „საკმაოდ მძიმედ“ აისახება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
ვოლსკის ზურაბიშვილის დამოუკიდებლობაში ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ არ შეიძლება დამთხვევა იყოს ერთ დღეს საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ევროკომისიის ზეპირი მოხსენების წარდგენა და გვარამიას შეწყალება.
„ეს გადაწყვეტილებაც საკმაოდ მძიმედ აისახება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე. ზოგადად, საზოგადოებას ეს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ განცდა ამ შესაძლო კონსპირაციის, რომ თითქოს შუალედურ შეფასებაში ეწერა, რომ მედია გარემო არის მძიმე, ერთადერთი უარყოფითი შეფასება ეს იყო და იმავე დღეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება აუხსნელად, უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოების დიდ ნაწილში, იმიტომ, რომ დანაშაული რეალურად ჩადენილია.
ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომელმაც ზუსტად იცის, დანაშაული რა არის და იმათაც ზუსტად იციან რაც ჩაიდინეს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს „რუსთავი 2“-ის 7 მილიონით გაძარცვასთან დაკავშირებით, ამ ვითარებაში, არც გამოდიხარ, არც ხსნი და პრინციპში, საზოგადოებას არაფრად მიიჩნევ. მასად მიიჩნევ, რომელმაც უნდა გაიგოს და უნდა არ გაიგოს, დამამცირებელი პოზიციაა“, - განაცხადა ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ევროპულ მომავალზე ზრუნვა არ იგრძნობა: „ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“ , რომელსაც კონკრეტული პირი და ჯგუფი ხელმძღვანელობდა, იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით, რაც შეიძლება იყოს დაგმობილი ევროპაში“.
შეკითხვაზე, სიურპრიზი იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნამდვილად“.
„ეს ეჭვი რასაკვირველია ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ამ ფორმით, ნამდვილად ვერც დავუშვებდი. მაშინ ეთქვა, რომ ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ეს ხელს გვიშლის, მაგრამ იცოდეთ რეალობა, რეალობა არის ეს. თვითონაც ხომ კარგად იცის, რა არის რეალობა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 21 ივნისს შეიწყალა. როგორც მან განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 19 ივნისს უზენაესმა სასამართლომ გვარამიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და ამით ყველა სამართლებრივი საფეხური ამოიწურა.
„ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვთქვი: ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ „ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება“. ეს არის გადაწყვეტილება პრეზიდენტის“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
ნიკა გვარამია პატიმრობაში 2022 წლის 16 მაისიდან იმყოფებოდა. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე.
ამ თემაზე:
სალომე ზურაბიშვილმა ეს საკუთარი ქვეყნისთვის გააკეთა - გვარამია პრეზიდენტს ბოდიშს უხდის
