გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-დან გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გრიგოლ ბესელია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურას გრიგოლ ბესელიასთან კითხვები კორუფციის საქმეზე აქვს, რაზეც საგამოძიებო უწყება ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, როცა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ბესელია ბათუმის პოლიციის უფროსთან, ირაკლი დგებუაძესთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროევროპული აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უწყვეტი ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს, შსს-მ დაკავების ოქმი გააყალბა და ჟურნალისტს პოლიციელთა შეურაცხყოფა დააბრალა. ბესელია მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

„სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა“, - თქვა მან სასამართლო სხდომაზე.

სასამართლო შენობიდან გამოსულ გრიგოლ ბესელიას მოქალაქეები შეძახილებით დახვდნენ: „ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა“.

აღსანიშნავია, რომ ჩვენების მიცემისას მან ახსენა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლით, რომელიც იმ მომენტისთვის საერთოდ არ არსებობდა და მხოლოდ მისი ჩვენებიდან ორი დღის შემდეგ შეადგინეს. სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე, ერთი და იმავე ქმედებისთვის, სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს და ჯამში 3 000 ლარით დააჯარიმეს.

ბესელიას კარიერული წინსვლა მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილეობის შემდეგ გაგრძელდა. 2025 წლის აპრილში მან დატოვა აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი, მაისში კი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დაინიშნა. გარდა ამისა, გრიგოლ ბესელია „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნების სიაშია, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.