გონიოში მშენებლობაზე ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

გონიოში, 26-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე დასაქმებული 30 წლის ოთარ დეკანაძე, რომელიც ხარაჩოების ჩამონგრევის შედეგად სიმაღლიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ, 17 ივლისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი 25-ე სართულიდან ჩამოვარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

გონიოში Radisson Blu-ს საცხოვრებელ და საინვესტიციო კომპლექსს დეველოპერული კომპანია „ნექსთი“ აშენებს. შპს „ნექსთ გონიო+“-ის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების წესების დარღვევა უარყო და თქვა, რომ სამუშაოებს კონტრაქტორი ასრულებდა.

„26-სართულიანი შენობა უკვე დასრულებულია. თუ არ ვცდები, 6 ივნისის შემდგომ ხდება ხარაჩოების აწყობა, რომელსაც ახორციელებდა კონტაქტორი. მოხდა ხარაჩოს ჩამოშლა, რამ გამოიწვია, ჯერჯერობით უცნობია. სამუშაოს ოთხი პირი ასრულებდა“, – განაცხადა გედენიძემ.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.