გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა

კლინიკა „ვივამედში“ 4 მაისს გარდაიცვალა პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც იქ გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან, მძიმე დაზიანებებით, 23 იანვარს გადაიყვანეს. გარდაცვლილის ძმის განცხადებით, იოსებ გორგაძეს თავის არეში მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მეათე სართულიდან რომ გადმოვარდეს, იმ დონის ტრავმები ჰქონდა. ეს არის სპეციალურად გაკეთებული პენიტენციური სამსახურის მიერ. მე სხვა განცდა არ მრჩება. პენიტენციური სამსახური იყო ვალდებული, რომ დაეცვა. როცა ეს ფაქტი მოხდა, 48 საათი დამალული ჰყავდათ, არც ადვოკატს და არც ოჯახის წევრს არ გვაცნობეს. თანამესაკნემ დაურეკა ადვოკატს, რომ იოსები გაიყვანეს და აღარ შემოუყვანიათო. მანამდე არაფერი ვიცოდით“, - ამბობს გარდაცვლილის ძმა შოთა გორგაძე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, პატიმარ იოსებ გორგაძის მიმართ ზეწოლას ან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. სამსახურმა 14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალის ნაწილი გაავრცელა, რომლის თანახმადაც, 23 იანვარს, 14:25 საათზე თანამშრომლები ჩქარი ნაბიჯით შევიდნენ საკანში; 2 წუთში საკანში შევიდნენ ექიმი და ექთანი; 14:51 საათზე პატიმარი საკაცით გაიყვანეს საკნიდან; 15:00 საათზე დაწესებულებაში მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა; 15:21 საათზე პატიმარი საკაცით მოათავსეს სასწრაფოს მანქანაში და 15:58 საათზე ბრალდებული შეიყვანეს კლინიკა „ვივამედში“. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა.

პატიმრის ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნით, იოსებ გორგაძეს თავისა და სხეულის არეში დაზიანებები მიყენებული ჰქონდა „ბლაგვი საგნების არაერთჯერადი მოქმედებით“.

„დაახლოებით 4 თვეა, რაც გამოძიება მიმდინარებს, მაგრამ არანაირი შედეგი. არც ვინმესთვის ბრალი წაუყენებიათ, არც დაუკავებიათ.

გამოძიებას აქვს ვერსია, რომ სავარაუდოდ, იოსებ გორგაძე წაიქცა და მაშინ მიიღო ეს დაზიანებები. მას ჰქონდა თავის და სახის მიდამოებში 30-ზე მეტი დაზიანება. წარმოუდგენელია, ერთი წაქცევით ეს დაზიანებები მიეღო.

წარმოუდგენელია, რომ მარტო პატიმრებს გააკეთებინათ ეს. მასში, სავარაუდოდ, არის გარეული დაწესებულების თანამშრომლების ხელი“, - თქვა ადვოკატმა ტვ „პირველის“ ეთერში.

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პატიმარს ინსულტი არ ჰქონია და სიკვდილი გამოიწვია მრავლობითმა დაზიანებებმა და თავის ტვინის ტრავმამ.

გავრცელდა იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის „ფორმა 100“, რომელიც კლინიკა „ვივამედის“ მიერ არის მომზადებული. დოკუმენტში მითითებულია, რომ გორგაძეს აღენიშნებოდა: ტვინის შერყევა, ტრავმული სუბდურალური ჰემატომა, თვალისა და ორბიტის [თვალბუდის] სხვა ტრავმები, თავის ქალას მოტეხილობა, სახის ძვლების მოტეხილობა, თავის ქალასა და სახის ძვლების განუსაზღვრელი მოტეხილობა, თავის დაზიანება, სისხლდენა ან ჰემატომა, სამედიცინო მანიპულაციის სხვა გართულებები, კომა, ანოქსიური ტვინის დაზიანება და სხვა.

„იოსებ გორგაძე დაეცა და თავი დაარტყა. ამას გამოძიება დაადგენს, რატომ ეწერა დასკვნაში მსგავსი რამ [30 დაზიანება]. თქვენ კადრები ნახეთ? რას ამბობთ, სახე გავულამაზეთ პაციენტს, როცა შედიოდა? სრული ჩანაწერი აქვს გამოძიებას და გამოივლევს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

46 წლის იოსებ გორგაძე გასული წლის 24 ოქტომბერს დააკავეს წალკის გზაზე მომხდარი ავარიის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 02:00 საათზე, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული იოსებ გორგაძე მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა, რომლებიც თბილისიდან, „ქართული ოცნების“ აქციიდან ბრუნდებოდნენ. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.