ჩოხატაურის საკრებულოს ამჟამად უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ წევრ დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელზე ჯგუფურ ძალადობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ია ბარამიძემ დღეს, 30 იანვარს მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 მარნეულის ბაზარში სროლის შედეგად დაჭრილი 26 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. საქმის პროკურორის თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, დავით შარაშიძე მიიმალება და ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე. ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
დავით შარაშიძე 28 იანვარს დააკავეს, კიდევ ორი ბრალდებული კი ამ დრომდე მიმალვაშია. საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეს.
„ბრალდებულს თან ახლდა ორი პირი. ამ ორი პირიდან ერთი ესაუბრებოდა დაზარალებულს, ამ საუბარში გამოხატა მხარდაჭერა „ქურდული სამყაროს“ მიმართ, შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ასევე, სამართალდამცავ ორგანოს და შემდეგ ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. ცემის პროცესში მონაწილეობდა როგორც ბრალდებული, ისე მასთან ერთად მყოფი ორი პირი“, - განაცხადა პროკურორმა.
გირაოს შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რაც იმით დაასაბუთა, რომ დავით შარაშიძე დანაშაულს აღიარებს და ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. გარდა ამისა, ადვოკატმა ყურადრება გაამახვილა იმაზე, რომ ინციდენტის დროს პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
„4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე, საკრებულოს წევრი. ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს. მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო. ვნანობ რაც გავაკეთე, მაგრამ ჩემს ნაცხოვრებს და განვლილ პერიოდს თუ გაიხსენებთ, დიდი მადლობელი ვიქნები, თუ არ გამოიყენებთ პატიმრობას. ვინანიებ რაც გავაკეთე, ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი. თუ ციხეში არ გამიშვებთ, გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას“, - ციტირებს ტელეკომპანია „პირველი“ დავით შარაშიძის მიერ სხდომათა დარბაზში გაკეთებულ განცხადებას.
შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გუშინ, 29 იანვარს, გადააყენეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
