გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ჩვენება მისცა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სამართალდამცავებმა ბრალდებული 26 მარტს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

გიგა ავალიანის საქმეზე ამ დროისთვის ხუთი არასრულწლოვანია დაკავებული. მათ ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), დანაშაულის მომზადების, შეუტყობინებლობის და ცრუ ჩვენების მიცემის მუხლებით ედებათ. პროკურატურამ ბრალდება მას შემდეგ დაამძიმა, რაც გარდაცვლილის დედამ სამართლიანობის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართა.

გამოძიების თანახმად, 2025 წლის სექტემბერში, ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მან მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. ალექსანდრე გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს, რომელთაც მოუყვა მომხდარის შესახებ, რის შემდგომაც მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა და მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ ქ. თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა იმისთვის, რომ გიგა ავალიანს თავს დასხმოდნენ და მიეყენებინათ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. დაახლოებით 20:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში ელოდებოდნენ ცენტრიდან გიგა ავალიანის გამოსვლას, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

2025 წლის 1-ელ ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ სისრულეში მოიყვანეს განზრახვა. კერძოდ, დაახლოებით 22 საათსა და 20 წუთზე, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

გამოძიებამ ასევე გამოავლინა ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებშიც ბრალდებულები სოციალურ ქსელში გოგონების სახელით უკავშირდებოდნენ მსხვერპლს, იტყუებდნენ წინასწარ შერჩეულ ადგილას და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რასაც ვიდეოზე იღებდნენ. ამ მეთოდით ჯგუფმა 2025 წლის განმავლობაში რამდენიმე თავდასხმა მოაწყო დიდ დიღომში, მათ შორის თებერვალში, ზაფხულსა და სექტემბერში. ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14 წლამდე, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

„გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი პიროვნება დაჯდება საბრალდებო სკამზე. ძალიან დიდი ჯგუფია, ვინც წინასწარ მოამზადა გიგა ავალიანზე თავდასხმა და კიდევ უფრო დიდი წრეა, ვინც მომხდარი ფაქტის შესახებ იცოდა. საბრალდებო სკამზე დასხდებიან ექიმები, ვინც თავიდან სცადეს საქმის გაყალბება და არასწორად აღწერეს გიგას დაზიანებები იმ მიზეზით, რომ საკუთარი თავი გადაერჩინათ.

საბრალდებო სკამზე დასხდებიან სამართალდამცავებიც. ჩვენ არ მოგვიწევდა ამდენი ბრძოლა. აბა ახლა თუ არ აკეთებს პროკურატურა საქმეს ღირსეულად, როგორც საჭიროა. ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე, საბრალდებო სკამი ძალიან ბევრს ელოდება, მათ შორის, არასრულწლოვნებსაც“, - აცხადებს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.