გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმდა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას 16 წლის შვილს, გიორგი მალანიას, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდება დაუმძიმდა. პროკურატურა არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიერ გიგა ავალიანის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება. აღნიშნული მუხლი 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

არასრულწლოვანი თავდაპირველად 1 ივლისს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ცნობით, გიორგი მალანიამ, რომელიც ავალიანის მოსწავლე იყო, თავდამსხმელებს მასწავლებლის სამუშაო გრაფიკისა და გადაადგილების მარშრუტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„მალანიას დახმარებით, დამნაშავეებმა შეარჩიეს განზრახვის სისრულეში მოსაყვანი ადგილი და დაიწყეს თვალთვალი. 2025 წლის 29 სექტემბერს მათ ზღვის უბნის დასახლებაში ჩასაფრება მოაწყვეს, თუმცა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, თავდასხმა ვერ განახორციელეს. 1 ოქტომბერს კი, შემუშავებული გეგმის მიხედვით, გაბაშვილი და რიკაძე თავს დაესხნენ გიგა ავალიანს. მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად, მასწავლებელი 24 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - აცხადებენ პროკურატურაში, რომელიც ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მერაბ მალანია შვილის ბრალეულობას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე აქამდე დუმდა, თუმცა ახლა სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.

„ურეკავდა ადამიანი [ალექსანდრე გაბაშვილი], რომელიც საერთოდ თვალით არ ჰყავდა ნანახი. ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ უნდოდა მის მასწავლებელთან შეხვედრა და დალაპარაკება. არანაირ თავდასხმაზე არ იყო საუბარი. იცოდა, რომ მის შეყვარებულს, ანუ, ჩემი შვილის, გიორგის ბავშვობის მეგობარს [ნია იმნაძე], ერთად არიან გაზრდილი ეს ბავშვები, რაღაც არასათანადოდ ექცევაო, ჩემი ინფორმაციითო, და აქედან გამომდინარე, მინდა დაველაპარაკო და წამომყევიო. არ ვეთანხმებოდი არც პირველს, ანუ შეუტყობინებლობას და არც ამას ვეთანხმები, რა თქმა უნდა. ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას საქართველოში და თუ საჭირო გახდება, საზღვარგარეთაც. ჩემი შვილი ისე გაიზარდა, რომ ყოველ წუთს ვიცოდი, სად იყო. მე მიმყავდა სკოლაში და მე მომყავდა სკოლიდან. მასწავლებელთანაც მე მიმყავდა და მომყავდა, მაგრამ ისე აღმოჩნდა თურმე, როგორც ამბობენ, დაგეგმვაში ვიღებდი მონაწილეობას, რადგან 1-ელ ოქტომბერს, ღამით ბავშვი მივიყვანე გაკვეთილზე და გაკვეთილიდან წამოვიყვანე. ეს არის ჩემი დანაშაული“, - განაცხადა მალანიამ.

კითხვაზე, რატომ დააკავეს მისი შვილი, მალანია პასუხობს, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, „ეს უსამართლობაა“.

მერაბ მალანიამ, რომელიც 2016-2019 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, კატეგორიულად უარყო, რომ თავისი გავლენების გამოყენებით შვილს მფარველობდა. „რომელ გავლენაზე საუბრობთ? პენსიონერი ვარ, გენაცვალე“, - ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას.

მერაბ მალანია

განსხვავებული პოზიცია აქვს მოკლულის დედას, ეკა კუპატაძეს. ის მიიჩნევს, რომ გიორგი მალანია დანაშაულის მთავარი ორგანიზატორია. „რომ არა გიორგი მალანია, შესაძლოა, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი ყოფილიყო. პროკურატურამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - აცხადებს კუპატაძე.

აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე ორი დღით ადრე, ეკა კუპატაძემ ვიდეომიმართვით დახმარება სთხოვა ბიძინა ივანივილის ცოლს, ეკატერინა ივანიშვილს. ამ უკანასკნელმა კუპატაძეს უპასუხა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია გამოძიების ობიექტურობაში.

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე უკვე მსჯავრდებულია ხუთი პირი: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ანი ნასყიდაშვილი და ლუკა კლადკინი. დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვნობის გამო, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ. ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს 5 წლითა და 3 თვით, კლადკინს 3 წლით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.