გიგა ავალიანის საქმეზე ორ ბრალდებულს 10.5 წელი, ხოლო ერთს 6 წელი და 9 თვე მიესაჯა

გამოცემა "პუბლიკის" ფოტო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დამნაშავედ ცნობილ სამ არასრულწლოვანს სასჯელი განუსაზღვრა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს, რომელთაც ბრალად ედებოდათ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), ასევე ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, მაქსიმალური სასჯელი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შემცირდა და საბოლოოდ, 10 წელი და 6 თვე განისაზღვრა.

მოსამართლემ მაქსიმალური, 9-წლიანი სასჯელი შეუფარდა დემეტრე ჩიქოვანს. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, ასევე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში. კანონმდებლობის გათვალისწინებით, მას სასჯელი 6 წლამდე და 9 თვემდე შეუმცირდა.

„რაც მოვისმინეთ, უკიდურეს სისასტიკეზე მიუთითებს. ბრალდებულების მხრიდან ბოდიში და სინანული არ მოგვისმენია. მათი სინანული მხოლოდ იმას ეხება, რომ ციხეში არიან და არა იმას, რაც სინამდვილეში მოხდა. მათ მომხდარი მობილური ტელეფონით გადაიღეს, თუმცა ამავე ტელეფონით სასწრაფო დახმარება არ გამოუძახებიათ. მათი მიზანი იყო, დაზიანებული ადამიანი კამერით დაეფიქსირებინათ. ეს სასჯელი დამაფიქრებელი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ნორმად მიაჩნია“, - განაცხადა მოსამართლემ სასჯელის გამოცხადებისას.

რომეო ტყეშელაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ახალგაზრდა მასწავლებელს არასასურველი კომუნიკაცია ჰქონდა მოსწავლე გოგონასთან, ნია იმნაძესთან, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

მოკლულის დედამ, ეკა კუპატაძემ მედიასთან საუბრისას მოსამართლის მიმართ მადლიერება გამოხატა.

ამავე საქმეზე კიდევ სამი არასრულწლოვანია დაკავებული. პროკურატურა მათ დანაშაულის შეუტყობინებლობასა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. მათ ნაწილზე სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა.

გამოძიების თანახმად, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება გიგა ავალიანთან დაიწყო. მისივე თქმით, მასწავლებელი „ზედმეტ ყურადღებას“ იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს - გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს, რის შემდეგაც მათ ერთად დაგეგმეს მასწავლებელზე ჯგუფური თავდასხმა.

ბრალდებულებმა წინასწარ შეისწავლეს გიგა ავალიანის პიროვნება, სოციალური ქსელიდან ჩამოტვირთეს მისი ფოტო ვიზუალური იდენტიფიცირებისთვის, დაადგინეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი მისამართები, შეისწავლეს გადაადგილების გრაფიკი და შეარჩიეს თავდასხმის ადგილი.

2025 წლის 29 სექტემბერს ბრალდებულები თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან ჩაუსაფრდნენ მასწავლებელს, თუმცა იმ დღეს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს.

2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, დაახლოებით 22:20 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე თავს დაესხნენ გიგა ავალიანს.

2025 წლის 24 ოქტომბერს მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად, გიგა ავალიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.