თბილისის საქალაქო სასამართლომ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. არასრულწლოვნები პოლიციამ 5 აგვისტოს დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
გამოძიება ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავება, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება ანასტასია ბერუაშვილს. მას ბრალად განსაკუთრებით მძიმე დაზიანების შეუტყობინებლობა წარუდგინეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ნია იმნაძემ, რომელმაც 2025 წლის სექტემბრში მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, მის მეგობრებს, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოს მასწავლებელი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.
საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ მედიასთან იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომლებმაც ინციდენტიდან 10 თვის შემდეგ არასრულწლოვნების დაკავება განაპირობა. მისი თქმით, გამოძიებამ ნია იმნაძის ბინაში დამონტაჟებული ფარული აპარატურის მეშვეობით მოიპოვა ჩანაწერები, სადაც ბრალდებული მამასთან საუბრისას დანაშაულს ამართლებს.
„ნია იმნაძე ესაუბრება თავის მამას. ის განიხილავს ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ამართლებს მის საქციელს, ამბობს, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ ასეც უნდა მოქცეულიყო...
ადამიანისთვის, რომელსაც ასეთი წარსული გამოცდილება ჰქონდა [ე.წ. პედოფილებთან მებრძოლი პირი] და ისედაც ნადირობდა ასეთი პიროვნებების გამოვლენაზე, ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი მას სექსუალურად ავიწროვებდა, ფაქტობრივად წაქეზება იყო“, - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება ანასტასია ბერუაშვილს, მის წინააღმდეგ მტკიცებულებად ამოღებული და აღდგენილი წაშლილი მიმოწერები იქცა. პროკურორის თქმით, ბერუაშვილი თავის შეყვარებულს, გიორგი რიკაძეს ურჩევდა, რომ თავდასხმის ამსახველი ვიდეო „უეჭველი თავის დროზე უნდა გაექრო“. ასევე, მიმოწერით დასტურდება, რომ 1-ელ ოქტომბერს რიკაძე სწორედ ბერუაშვილის სახლიდან წავიდა დანაშაულის ჩასადენად.
ბრალდებულების ადვოკატები წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ საქმეში ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. პროცესის დასრულების შემდეგ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის წინასასამართლო სხდომა 10 სექტემბერს ჩაინიშნა.
მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. ის კატეგორიულად უარყოფს შვილის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს სექსუალური შევიწროების შესახებ.
საერთო ჯამში, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 8 პირი, რომელთაგან ხუთი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ანი ნასყიდაშვილი და ლუკა კლადკინი უკვე მსჯავრდებულია. დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვნობის გამო, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ: გაბაშვილსა და რიკაძეს - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ჩიქოვანს - 9 წლითა და 9 თვით; ნასყიდაშვილს - 5 წლითა და 3 თვით; კლადკინს - 3 წლით.
წინასწარ პატიმრობაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას 16 წლის შვილი, გიორგი მალანია, რომელსაც პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში დახმარებას ედავება (მუხლი ითვალისწინებს 9-დან 13 წლამდე პატიმრობას).
28 წლის გიგა ავალიანს 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, თემქის დასახლებაში ჯგუფურად დაესხნენ თავს. გამოძიების თანახმად, თავდამსხმელებმა წინასწარ შეისწავლეს მასწავლებლის სამუშაო გრაფიკი, მარშრუტი და მოაწყვეს ჩასაფრება. 1-ელ ოქტომბერს, საღამოს 22 საათსა და 20 წუთზე, ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენეს, რის შედეგადაც გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
