ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში, ისრაელის დარტყმის შედეგად, დაიღუპა მათი ხუთი თანამშრომელი, მათ შორის, ცნობილი არაბულენოვანი კორესპონდენტი, 28 წლის ანას ალ-შარიფი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
- 6 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
ტელეარხის ცნობით, 10 აგვისტოს საღამოს, ისრაელის არმიამ „მიზნობრივი“ დარტყმა განახორციელა კარავზე, რომელიც ალ-შიფას საავადმყოფოს მთავარ ჭიშკართან მდებარეობდა და სადაც „ალ ჯაზირას“ თანამშრომლები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა შორისაა „ალ ჯაზირას“ კიდევ ერთი კორესპონდენტი და სამი ოპერატორი.
„ალ ჯაზირას“ თანახმად, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ალ-შარიფმა, სოციალურ ქსელ X-ზე, სადაც 500 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, დაწერა, რომ ისრაელი ინტენსიურად ბომბავდა ქალაქ ღაზის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებს და სარაკეტო შეტევის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა კარავზე დარტყმის განხორციელება დაადასტურეს. მათი მტკიცებით, ანას ალ-შარიფი ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ტერორისტული უჯრედის ხელმძღვანელი იყო და პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ისრაელის ჯარების წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმების განხორციელებაზე.
„ალ ჯაზირას“ ცნობით, დარტყმის შედეგად სულ შვიდი ადამიანი დაიღუპა.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) განაცხადა, რომ შეძრწუნებულია თავდასხმით. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ისრაელმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები ალ-შარიფის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დასადასტურებლად.
„ეს არის ტენდენცია, რომელსაც ისრაელში ვხედავთ - არა მხოლოდ მიმდინარე ომში, არამედ წინა ათწლეულების განმავლობაშიც - როდესაც, როგორც წესი, ისრაელის ძალები კლავენ ჟურნალისტებს, შემდეგ კი ისრაელი აცხადებს, რომ ისინი ტერორისტები არიან, თუმცა ძალიან მცირე მტკიცებულებას წარმოადგენს ამ განცხადებების გასამყარებლად“, - განაცხადა CPJ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოდი გინზბერგმა BBC-სთან.
„ალ ჯაზირას“ რედაქტორმა, მოჰამედ მოავადმა, თქვა, რომ აკრედიტებული ჟურნალისტი ალ-შარიფი „ერთადერთი ხმა“ იყო, რომელიც მსოფლიოს უყვებოდა, თუ რა ხდებოდა ღაზას სექტორში.
„ფაქტია, რომ ისრაელის მთავრობას სურს, ნებისმიერი არხით ჩაახშოს ღაზაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება“, - აღნიშნა მოავადმა.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ალ-შარიფი წარსულში იყო მათი გუნდის წევრი, რომელმაც 2024 წელს პულიცერის პრემია მოიპოვა ისრაელ-ჰამასის ომის გაშუქებისთვის.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ცნობით, ღაზას სექტორში მიმდინარე კონფლიქტის დროს დაღუპულია სულ მცირე 186 ჟურნალისტი.
