საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატი წარედგინა. მათ შორის არის გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც 2013 წლიდან გენპროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
საპროკურორო საბჭოს ინფორმაციით, გიორგი გაბიტაშვილი წარადგინეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“. გარდა ამისა, მას მხარდაჭერა გამოუცხადა პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა.
დანარჩენი 10 კანდიდატის სია ასე გამოიყურება:
- პაატა შავაძე - ადვოკატი, საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა;
- ვიქტორ ახალბედაშვილი - ადვოკატი, წარადგინა აიპ „უფლებათა დაცვის ცენტრმა“;
- დავით ბარბაქაძე - ადვოკატი, წარადგინა ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“;
- ალექსანდრე კობაიძე - ადვოკატი, საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა;
- ლაზარე ჯორბენაძე - ადვოკატი, წარადგინა პარტია „საქართველომ“;
- სალომე ჯანუაშვილი - ადვოკატი, წარადგინეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა;
- ანდრონიკ სარიბეკოვი - ადვოკატი, საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა;
- გრიგოლ გაგნიძე - ადვოკატი, წარადგინა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლის კავშირი“, „სიმართლის რწმენა“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „თანადგომა ხელმოკლე და მოწყვლადი ფენებისათვის“;
- დარეჯან ბუცხრიკიძე - ადვოკატი, საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა;
- ლალი ბუნტური - ადვოკატი, წარადგინა პარტია „საქართველომ“.
გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა გუშინ, 27 ივნისს, 00:00 საათზე დასრულდა.
საპროკურორო საბჭო არანაკლებ 3 კანდიდატს შეარჩევს და შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი შოთაძე „გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ გადადგა.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.
