სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრსა და პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს, გელა ხასაიას. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 5 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 6 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
გელა ხასაია 29 სექტემბერს, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ედავება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჯგუფურად, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება. ხასაიასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ვასილ ქერდიყოშვილი.
პროკურატურის განცხადებით, „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს“.
გელა ხასაია ბრალს არ აღიარებს.
„აქციიდან წამოვედი დაახლოებით 22:15 საათზე, ჩავედი მეტროში და ამოვედი ჩემს სახლთან, დადიანის ქუჩაზე მდებარე მეტროსთან. შევედი მაღაზიაში. გამოვედი და დავინახე „შკოდა“. თავი ჩავღუნე და რომ ამოვიხედე, უცბად, დავინახე რამდენიმე ადამიანი. დაიწყეს ჩემი დაკავება. ვცდილობდი ტელეფონის დაბლოკვას - როგორც კი დავბლოკე, წინააღმდეგობას აღარ ვუწევდი. მათ არ განუმარტავთ, ვინ იყვნენ, რა უნდოდათ, ისე ჩამტენეს მანქანაში. მანქანაში მითხრეს, რომ პოლიციის განყოფილებიდან იყვნენ. ერთ-ერთი ვიცანი აქციებიდან. მან მითხრა: ხომ დაგპირდი სისხლით დაგიჭერთო და აგისრულეთო. არ მახსოვს ამ ადამიანის სახელი, მაგრამ გავარკვევ“, - თქვა ხასაიამ სასამართლო სხდომაზე.
მან დაკავების შემდეგ მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე ისაუბრა. კეროდ, თქვა, რომ პოლიციის განყოფილებაში ჩხრეკისას ორჯერ გააშიშვლეს.
„მიხსენებდნენ მზია ამაღლობელსა და ჩემს მეგობარს, საბა სხვიტარიძეს, რომელიც ასევე რეჟიმის მსხვერპლია“, - აღნიშნა გელა ხასაიამ.
ხასაიას ადვოკატი ომარ ფურცელაძე სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თვეების განმავლობაში იღებდა მუქარებს, რომ დააკავებდნენ.
„არ არის წარმოდგენილი არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო ვიდეოჩანაწერი, ვიზუალური მტკიცებულებები ან რაიმე საექსპერტო კვლევა, რომელიც დაადგენდა გელა ხასაიას კავშირს მომხდარ შემთხვევასთან. მოწმეების ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა. თვითონ დაზარალებულის ჩვენების ერთი ნაწილი არსებითად და თვისობრივად ეწინააღმდეგება მეორე ნაწილს“, - განაცხადა ადვოკატმა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 ნოემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
