31 წლის გიორგი სულაშვილი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 8 აგვისტოს, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. გიორგი სულაშვილი შრომისუნარიანობის შემცირების გამო, ყოველთვიური სარჩოს დაკისრებასაც ითხოვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა 2021 წლის მიწურულს ჯერ გააუქმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდეგ კი, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, თითქმის 2 წელი პროცესს არ ნიშნავდა. მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიჩივლე, 2023 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც მან უარი თქვა დასახიჩრებული პირის შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე, არაერთი ოპერაციისგან და მიმდინარე ტკივილებისგან განცდილი ტანჯვისთვის კი, პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ 20 000 ლარი განსაზღვრა საკომპენსაციო თანხად.
ეს თანხა მხოლოდ მედიკამენტები რომ მქონდეს, იმაშიც კი არ მეყოფა ერთი წელი. 31 წლის ასაკში 60 წლის ადამიანს დავემსგავსე. მადლობა „ქოცებო“ და საქართველოს სასამართლო ამისთვის, მადლობა ჩემი უფუნქციოდ დატოვებისთვის“, - ამბობს გიორგი სულაშვილი.
ე.წ. გავრილოვის ღამეს, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მისი შრომისუნარიანობა 35%-ით არის შემცირებული და ცალ თვალში მხედველობა ვერასოდეს დაუბრუნდება.
დაზარალებულის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლე გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ასევე, საგანგაშო არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაკმაყოფილდა შრომისუუნარო ადამიანისთვის ყოველთვიური სარჩოს დაკისრების მოთხოვნა, არამედ იმიტომაც, რომ ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას სამართალდამცავთა უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული, მთელი ცხოვრების განმავლობაში განგრძობადი მორალური ზიანი სასამართლომ მხოლოდ 20 000 ლარად შეაფასა.
„საქმის გარემოებებიდან და არსებული მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ შსს-ს თანამშრომელთა უკანონო მოქმედებების შედეგად გიორგი სულაშვილმა უდიდესი სულიერი ტკივილი, ტანჯვა განიცადა და დღემდე განიცდის. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გიორგი სულაშვილის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მიკუთვნებული თანხა სრულიად არაგონივრულია, ვინაიდან, სრულ დისპროპორციაშია მოსარჩელის მიერ განცდილ სტრესთან, შიშთან, უარყოფით ემოციებთან და რაც მთავარია, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხთან, რითაც, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, უნდა ხელმძღვანელობდეს სასამართლო მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას.
ამასთან, სასამართლოს მიერ სრულად იქნა უგულებელყოფილი მოსარჩელის შრომისუნარიანობის საგრძნობლად შემცირების ფაქტი და მოსარჩელეს, რომელმაც დაკარგა მუშაობის უნარი და შესაბამისად, შესაძლებლობა, მიეღო ანაზღაურება, სარჩოს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან, რომლის თანახმადაც, სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირ, პროპორციულად დაკავშირებულია დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან“, - აცხადებს საია.
გიორგი სულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
