ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ „არაპროვოცირებული და გაუმართლებელი“ ომი მიზეზის არსებობის გარეშე დაიწყო. ამის შესახებ მან ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გამოსვლისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი ევროპისთვის გადამწყვეტი მომენტია.
„ჩვენს ისტორიაში პირველად, ქვეყანას თავს ესხმიან მისი სურვილის გამო, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება და მისი ხალხის მკაფიოდ გამოხატული ნებაა, მიიღოს ჩვენი კავშირის ღირებულებები. ამით ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის, თავისუფალი სიტყვისა და საკუთარი ბედის განსაზღვრის თავისუფლებისთვის. სწორედ ამისთვის იბრძვის უკრაინა და სწორედ ამის ჩაქრობას ცდილობს პრეზიდენტი პუტინი“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს გაანადგუროს მშვიდობა, რომელიც ევროპამ მეორე მსოფლიო ომის და მოგვიანებით, რკინის ფარდის დაცემის შემდეგ ერთად ააშენა:
„ეს არის ამ ომის სათავე, ქალბატონებო და ბატონებო. აქ, GLOBSEC-ზე, გავიგე, რომ ამ ომის მიზეზებს განიხილავდით. ასე რომ, ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო - რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი. ის უმიზეზოდ შეიჭრა უკრაინაში, რათა ქვეყანა რუკიდან წაეშალა და რუსეთი უარს ამბობს, მიიღოს უკრაინა დამოუკიდებელ ქვეყნად.
მაგრამ უკრაინის ნებამ - იბრძოლოს და იყოს თავისუფალი, მსოფლიო გააოცა. მათ ზუსტად იციან, სად არის მათი ადგილი. უკრაინელი ხალხი წლების განმავლობაში იყო უკრაინის ევროკავშირისკენ სვლის არქიტექტორი და მათ თავიანთი გამბედაობა და მონდომება არაერთხელ დაადასტურეს. ვერასდროს ვერ შევძლებთ შევედაროთ უკრაინელი ხალხის თავგანწირვასა და ვაჟკაცობას, მაგრამ შეგვიძლია და უნდა ვიყოთ მტკიცედ მათ გვერდით“.
გლობალური უსაფრთხოების ფორუმს ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც 30 მაისს, თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა 2022 წელს ომი უკრაინასთან, რაზეც მან უპასუხა: „ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“. ღარიბაშვილი ქვეყნის შიგნით და გარეთ, საერთაშორისო პარტნიორებმა გააკრიტიკეს. მაგალითად, ამერიკელი გენერლის და ევროპაში შეერთებული შტატების ჯარების ყოფილი სარდლის, ბენ ჰოჯესის შეფასებით, საქართველოს პრემიერმა „არსებითად განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა აღარ მოიცავს NATO-ში გაწევრიანებას“.
